თბილისი (GBC) - recov.ge-ის მონაცემებით, 2026 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,787 ერთეული შეადგინა და გასული წლის მაისთან შედარებით 13.1%-ით გაიზარდა. ბაზრის ზომამ კი 32.4%-ით, $334 მლნ-მდე მოიმატა.
2026 წლის მაისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის მაისთან შედარებით ქალაქის ცენტრში 23.5%-ით, ფართო ცენტრში 3%-ით, ხოლო გარეუბანში 11.6%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 16%-ით მოიმატა.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის ცენტრში ფასების მნიშვნელოვანი ზრდაზე გავლენას ახდენს დარეგისტრირებული ტრანზაქციების მცირე რაოდენობა.
2026 წლის მაისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის მაისთან შედარებით 7.2%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 10.6%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო, ქალაქის ცენტრში 29.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
recov.ge-ის მონაცემებით, ქალაქის ცენტრში ფასებმა ძირითადად პირველადი ბაზრის ხარჯზე მოიმატა, რადგან ერთდროულად დარეგისტრირდა რამდენიმე ძვირად ღირებული პროექტის ტრანზაქციები. ხოლო, მეორეულ ბაზარზე ქალაქის ცენტრში 11.5%-იანი ზრდა ფიქსირდება.
ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 14.9% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.5%-ით გაიზარდა.
2026 წლის მაისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მაისთან შედარებით 15.3%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (11.4%), ისე მეორეულ ბაზრებზე (20.7%).
ამასთან, მეორეულ ბაზარზე ზრდის 40% მოდის სამგორის უბანზე. ტრანზაქციების რაოდენობა 5.1%-ით გაიზარდა ძველ პროექტებშიც. თბილისში, როგორც ძველ ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, უცხოეთის მოქალაქეების წილი კი 2026 წლის მაისში მხოლოდ 11.4% იყო.