თბილისი (GBC) – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ნომრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას „ყველაზე სამარცხვინო, შეურაცხმყოფელი და მოღალატეობრივი“ უწოდა. მისივე თქმით, საქართველო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის და ამ განცხადებაზე პასუხს ქართველი ხალხისგან 26 ოქტომბერს მიიღებს.
„ივანიშვილის განცხადება გორში იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო, ყველაზე ამაზრზენი მოღალატეობრივი განცხადება, რომელიც მან გააკეთა. რას ეუბნება ჩვენი ეროვნული გმირების ოჯახებს, მათ მეუღლეებს, დედებს, შვილებს, რომ მათ ჩვენ ყველამ ბოდიში უნდა მოვიხადოთ მტრის წინაშე? საქართველო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის, ეს არის უკიდურესად შეურაცხმყოფელი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული განცხადება და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის სწორედ ამ განცხადებაზე პასუხს ქართველი ხალხისგან 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღებს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
14 სექტემბერს, გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.