თბილისი (GBC) - საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, სამშაბათს, პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრები გააცნო. მისი თქმით, 2027 წელს საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კონსერვატიულ დაშვებებზეა გაკეთებული და 5%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულია 5.2-5.3%-ის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგნოზი სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან.

ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2027 წელს 8.9%-ით იზრდება და ₾126.4 მილიარდს შეადგენს. შემდგომ წლებში ზრდის პროგნოზი საშუალოდ 8.5%-ია და 2030 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა ₾161 მილიარდს გადააჭარბებს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2027 წლის ბოლოსთვის 12 ათას დოლარს, ხოლო 2030 წლისთვის 15 ათას დოლარს გადააჭარბებს.

ინფლაციის მაჩვენებელს მომდევნო წელს კლებადი ტენდენცია ექნება და წლის ბოლოსთვის მის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.

ფინანსთა მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული გამოწვევა - მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და გასულ წელს ისტორიულად დაბალ ნიშნულზე, მშპ-ის 2,9%-ის ფარგლებში დაფიქსირდა. მიმდინარე წელს პროგნოზირებულია აღნიშნული მაჩვენებლის კიდევ გაუმჯობესება მშპ-ის 2,4%-მდე, ხოლო 2027 წლისთვის, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზი 2.6%-ს შეადგენს.

ბიუჯეტის დეფიციტი 2027 წლისთვის დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ის დონეზე, ხოლო შემდგომ წლებში მცირედით კლებადი ტენდენცია აქვს და 2.2%-მდე მცირდება.

მთავრობის ვალის მაჩვენებელი 2027-2030 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის 31.1%-ს შეადგენს, რაც ვალის უსაფრთხო ნიშნულია.

2027 წელს დაგეგმილი ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები 38 მილიარდ 363 მილიონ ლარს შეადგენს, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 38 მილიარდ 243 მილიონი ლარია.