თბილისი (GBC) - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატმა) 2015–2025 წლების მოსახლეობის რიცხოვნობისა და ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების მონაცემები გადაიანგარიშა. გადაანგარიშების საჭიროება 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებმა განაპირობა. მისი მიზანია ისტორიული მწკრივის ჰარმონიზაცია აღწერით მიღებულ მონაცემებთან.

აღწერათაშორისი პერიოდის მონაცემების გადაანგარიშება საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკაა. მას რეკომენდაციას უწევენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ფართოდ იყენებენ სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურები. ეს უზრუნველყოფს აღწერებს შორის პერიოდის მონაცემების თავსებადობასა და შესადარისობას.

მაჩვენებლების გადაანგარიშების პირველ ეტაპზე შეფასდა მოსახლეობის რიცხოვნობის ცვლილების ძირითადი კომპონენტების - დაბადების, გარდაცვალების და მიგრაციის თავსებადობა 2014 და 2024 წლების აღწერების შედეგებთან. ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ბუნებრივი მოძრაობის შესახებ არსებული მონაცემები საკმარისად მყარ და სანდო ადმინისტრაციულ საფუძველს ეყრდნობოდა. შესაბამისად, აღწერათაშორისი პერიოდის გადაანგარიშების პროცესში დაბადებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები უცვლელად იქნა შენარჩუნებული, ხოლო აღწერებს შორის გამოვლენილი დემოგრაფიული ბალანსის კორექტირება განხორციელდა მიგრაციული კომპონენტის გადასინჯვის გზით.

მიგრაციის მაჩვენებლების გადაანგარიშების აუცილებლობა რამდენიმე მეთოდოლოგიურმა და პრაქტიკულმა გარემოებამ განაპირობა.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებულია აღწერებისა და მიგრაციის მიმდინარე სტატისტიკის ფარგლებში გამოყენებული დროითი კრიტერიუმები მუდმივი საცხოვრებელი ადგილის (usual residence) და მიგრანტის სტატუსის განსაზღვრისთვის. მოსახლეობის აღწერისას მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა ეფუძნება ქვეყანაში ცხოვრების 12-თვიან კრიტერიუმს, მაშინ როდესაც მიგრაციის მიმდინარე სტატისტიკის წარმოებისას გამოიყენება 6 თვიანი ზღვარი. აღნიშნული განსხვავება ნიშნავს, რომ ერთი და იგივე პირის გადაადგილება აღწერისა და მიმდინარე მიგრაციული სტატისტიკის ფარგლებში ყოველთვის ერთნაირად არ კლასიფიცირდება.

მეორე მნიშვნელოვანი გარემოება დაკავშირებულია ქვეყნის ტერიტორიულ თავისებურებებთან. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის მოსახლეობის გადაადგილების შესახებ სრულყოფილი ადმინისტრაციული ინფორმაცია არ არსებობს და ასეთი გადაადგილებები მიმდინარე საერთაშორისო მიგრაციის სტატისტიკაში ვერ ისახება.

მესამე ფაქტორი უკავშირდება მიგრაციის მიმდინარე სტატისტიკის წარმოებისას გამოყენებული მეთოდის სპეციფიკას. უნდა აღინიშნოს, რომ მიგრაციის სტატისტიკის ძირითადი ადმინისტრაციული წყაროა სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ინდივიდუალური მონაცემები, თუმცა საზღვრის კვეთის ფაქტი თავისთავად არ ნიშნავს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას. შესაბამისად, საზღვრის კვეთის ადმინისტრაციული ჩანაწერების მიგრაციულ მოვლენებად კლასიფიცირება მოითხოვს დროითი კრიტერიუმების, ალგორითმებისა და შეფასებითი მიდგომების გამოყენებას. ამასთანავე, მიმდინარე მიგრაციული სტატისტიკის წარმოებისას გამოყენებული ზოგიერთი შეფასებითი კოეფიციენტი და განაწილების პარამეტრი ეფუძნებოდა წინა აღწე რის პერიოდში ჩამოყალიბებულ მიგრაციულ სტრუქტურასა და ქცევით მოდელებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიგრაცია დემოგრაფიული პროცესების ერთ-ერთი ყველაზე ცვალებადი კომპონენტია და მნიშვნელოვნად რეაგირებს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და საგარეო ფაქტორებზე. განსაკუთრებით მკვეთრი ცვლილებები დაფიქსირდა COVID-19-ის პანდემი ის პერიოდში და ასევე, მის შემდგომ, რეგიონში განვითარებული მოვლენების შემდეგ. შეიცვალა როგორც საერთაშორისო გადაადგილების ინტენსივობა, ისე ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა, განმეორებითი გადაადგილებების სიხშირე და სხვადასხვა მიგრაციული ჯგუფის ქცევა.

ისტორიული მწკრივის გადაანგარიშებისას გამოყენებული მეთოდოლოგია

დემოგრაფიული მაჩვენებლების გადაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა საერთაშორისოდ აღიარებული და მეცნიერულად დასაბუთებული სტატისტიკური მეთოდების ერთობლიობა, კერძოდ: 

  • კოჰორტულ-კომპონენტური მეთოდი (Cohort-Component Method), რომლის მიხედვითაც განხორციელდა მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფების თანმიმდევრული გადაანგარიშება; 
  • დემოგრაფიული ბალანსის მეთოდი (Demographic Balancing Method), რომელიც გამოყენებულ იქნა მოსახლეობის რიცხოვნობის ცვლილების დასაკავშირებლად დაბადებებთან, გარდაცვალებებთან, იმიგრაციასა და ემიგრაციასთან; 
  • მრავალწყაროიანი მონაცემთა ინტეგრაციის მეთოდის (Multi-source Data Integration) გამოყენებით განხორციელდა მოსახლეობის აღწერის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე მონაცემთა წყაროების ერთიან ანალიტიკურ ჩარჩოში გაერთიანება და მათი გამოყენება დანიშნულებისა და ხარისხის შესაბამისად;
  • გეოგრაფიული ჰარმონიზაცია და რეკლასიფიკაციის კორექტირების მეთოდის (Geographic Harmonisation/ Reclassification Adjustment) საფუძველზე განხორციელდა ადმინისტრაციული საზღვრებისა და დასახლების სტატუსის ცვლილებების გათვალისწინება დროითი შესადარისობის უზრუნველსაყოფად.

მოსახლეობის რიცხოვნობის გადაანგარიშება არ შემოიფარგლა მხოლოდ ქვეყნის საერთო მაჩვენებლით. გადაანგარიშება განხორციელდა რეგიონების, მუნიციპალიტეტების, საქალაქო და სასოფლო დასახლებების, ასევე ქალაქებისა და დაბების დონეზე.

აღსანიშნავია, რომ გადაანგარიშება შეეხო 2016-2024 წლების მოსახლეობის რიცხოვნობისა და 2015-2024 წლების მიგრაციის მონაცემებს.

2015-2025 წლებში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.6%-ით (208.5 ათასი კაცი), 3 721.9 ათასიდან 3 930.4 ათასამდე გაიზარდა.

ქვეყნის დონეზე 2015-2021 წლებში მოსახლეობის რიცხოვნობა შედარებით ზომიერი ტემპით იზრდებოდა და აღნიშნულ პერიოდში ზრდამ 63.5 ათასი კაცი (1.7%) შეადგინა. 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, წინა წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხოვნობა 25 ათასი კაცით შემცირდა. შემდგომ პერიოდში ტენდენცია მკვეთრად შეიცვალა: 2022-2025 წლებში მოსახლეობა 169.9 ათასი კაცით (4.5%) გაიზარდა.

დემოგრაფიული ბალანსის კომპონენტების განხილვა საშუალებას იძლევა მოსახლეობის რიცხოვნობის წლიური ცვლილება უფრო ზუსტად აიხსნას. 1 იანვრის მდგომარეობით მოსახლეობის რიცხოვნობის ცვლილება ასახავს წინა კალენდარული წლის ბუნებრივი მატებისა და მიგრაციული სალდოს შედეგს. 2015-2019 წლებში ბუნებრივი მატება ჯერ კიდევ დადებითი იყო, თუმცა თანდათან მცირდებოდა, ხოლო მიგრაციული სალდო უმეტესად ზომიერი რჩებოდა.

2020 წლიდან ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფით ნიშნულზე გადავიდა. 2020 წელს დაფიქსირებულმა უარყოფითმა ბუნებრივმა მატებამ (-4 ათასი) და დადებითმა მიგრაციულმა სალდომ (+19.1 ათასი) 2021 წლის 1 იანვრისთვის მოსახლეობა დაახლოებით 15 ათასით გაზარდა. 2021 წელს კი უარყოფითმა ბუნებრივმა მატებამ (-14.0 ათასი) და უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ (-11 ათასი), გამოიწვია 2022 წლის 1 იანვრისთვის მოსახლეობის რიცხოვნობის 25 ათასი კაცით შემცირება.

2022–2024 წლებში საქართველოში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფითი იყო (ჯამურად -13.8 ათასი კაცი). ამასთან, აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის საერთო რაოდენობამ ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა და 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე 169.9 ათასით გაიზარდა. მოსახლეობის რაოდენობის აღნიშნული ცვლილება დემოგრაფიული პროცესების ერთობლივი შედეგია.

აღსანიშნავია, რომ 2015-2025 წლებში მოსახლეობის რიცხოვნობა ძირითადად რამდენიმე რეგიონში - თბილისში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო ქართლში გაიზარდა. დანარჩენ რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა, ხოლო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.

2015-2025 წლებში გამოიკვეთა ურბანიზაციის მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია. 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქალაქო დასახლებებში ცხოვრობდა 2 135.6 ათასი კაცი, რაც ქვეყნის მოსახლეობის 57.4%-ს შეადგენდა. 2025 წლისთვის საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის რიცხოვნობა 2 445.4 ათასამდე გაიზარდა, ხოლო მისმა წილმა მთლიან მოსახლეობაში 62.2% შეადგინა. შესაბამისად, 2015-2025 წლებში ურბანიზაციის დონე 4.8 პ.პ.-ით გაიზარდა.

ამავე პერიოდში საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის რიცხოვნობა 309.8 ათასი კაცით, 14.5%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც სასოფლო დასახლებების მოსახლეობა 101.3 ათასი კაცით, 6.4%-ით შემცირდა. ამდენად, ქვეყნის მოსახლეობის 2015-2025 წლების საერთო მატება მთლიანად საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის ზრდის ფონზე განხორციელდა, მაშინ როდესაც სასოფლო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის რიცხოვნობა კლების ტენდენციით ხასიათდებოდა.

მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა

მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდასთან ერთად, 2015-2025 წლებში შეიცვალა მისი სქესობრივ ასაკობრივი სტრუქტურაც:

კაცების რიცხოვნობა 1 777.1 ათასიდან 1 881.4 ათასამდე, ქალებისა კი 1 944.8 ათასიდან 2 049.0 ათასამდე გაიზარდა. ზრდა ორივე სქესში თითქმის თანაბარი იყო. შედეგად, კაცების წილი 47.7-დან 47.9%-მდე გაიზარდა, ქალებისა კი 52.3-დან 52.1%-მდე შემცირდა. ყოველ 100 ქალზე კაცების რაოდენობა 91.4-დან 91.8-მდე გაიზარდა, რაც სქესობრივი დისბალანსის მცირედ შემცირებაზე მიუთითებს.

ასაკობრივ სტრუქტურაში ყველაზე მკაფიოდ ხანდაზმული მოსახლეობის ზრდა გამოიკვეთა. 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობა 531.3 ათასიდან 690.4 ათასამდე, ანუ 159.1 ათასით (29.9%-ით) გაიზარდა, ხოლო მისი წილი მთლიან მოსახლეობაში 14.3-დან 17.6%-მდე გაიზარდა.

0-14 წლის მოსახლეობა 702.8 ათასიდან 773.3 ათასამდე გაიზარდა, მისი წილი კი 18.9-დან 19.7%-მდე. 15-64 წლის მოსახლეობა, ქვეყნის მოსახლეობის საერთო ზრდის მიუხედავად, 2 487.8 ათასიდან 2 466.7 ათასამდე, ანუ 21.1 ათასით შემცირდა, ხოლო მისი წილი 66.8-დან 62.8%-მდე შემცირდა.

საერთაშორისო მიგრაცია

საქსტატის მონაცემებით, 2015–2024 წლებში დაფიქსირდა დადებითი კუმულაციური მიგრაციული სალდო, რამაც +212.7 ათასი შეადგინა.

2015–2019 წლებში მიგრაციული ნაკადები შედარებით სტაბილური იყო: იმიგრანტების რიცხოვნობა 84.3-დან 94.1 ათასამდე, ხოლო ემიგრანტებისა 75.7-დან 90.8 ათასამდე მერყეობდა. შესაბამისად, მიგრაციული სალდო შედარებით დაბალი და სტაბილურად დადებითი იყო (+1.1-დან +8.6 ათასამდე).

2020–2021 წლებში ნაკადების მოცულობა მკვეთრად შეიცვალა. 2020 წელს ემიგრანტების რიცხოვნობა 58 ათასამდე შემცირდა, რის შედეგადაც მიგრაციულმა სალდომ +19.1 ათასი შეადგინა. 2021 წელს კი, საანგარიშო პერიოდში უპრეცედენტოდ, დაფიქსირდა უარყოფითი მიგრაციული სალდო (−11 ათასი).

2022–2024 წლებში აღინიშნა მიგრაციული აქტივობის მკვეთრი ზრდა და მაღალი დადებითი მიგრაციული სალდო. 2022 წელს იმიგრანტების რიცხოვნობამ 200.2 ათასს მიაღწია, ხოლო მიგრაციულმა სალდომ საანგარიშო პერიოდის მაქსიმუმი, +89 ათასი შეადგინა.

2023 და 2024 წლებში მიგრაციული სალდო, შესაბამისად, +54.8 და +40 ათასი იყო. ჯამში, 2022–2024 წლებზე მოდის 2015–2024 წლების კუმულაციური დადებითი მიგრაციული სალდოს დაახლოებით 86%.