თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა, სწრაფად გადაწყვიტონ, ვინ წარმოადგენს მათ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. გამოცემა POLITICO-ს ცნობით, ზელენსკის მიაჩნია, რომ იდეალურ შემთხვევაში ერთ პიროვნებას უნდა ჰქონდეს როგორც ევროკავშირის, ისე უკრაინის მხარდამჭერი არაწევრი ქვეყნების, მათ შორის დიდი ბრიტანეთისა და ნორვეგიის მანდატი.

დანიაში ვიზიტისას ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის ლიდერმა ხაზი გაუსვა ერთიანობის მნიშვნელობას და კონკრეტული ვადებიც დაასახელა.

„ვფიქრობ, ნოემბერში, არა უგვიანეს, უნდა შევთანხმდეთ, ვინ წარმოადგენს ევროპას მოლაპარაკებებზე. ასე უკეთესი იქნება, რადგან მათ ექნებათ მანდატი მთელი ევროპისგან, მთელი ამ კოალიციისგან“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, სასურველია ეს საკითხი 19 ნოემბერს გერმანიაში დაგეგმილ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე გადაწყდეს.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სურს ამ საკითხზე ევროკავშირთან და სხვა ევროპულ ძალებთან წინასწარი დიალოგი ჰქონდეს, ნაცვლად იმისა, რომ უკრაინა უკვე მიღებული გადაწყვეტილების წინაშე დააყენონ.

POLITICO წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპა უკრაინის ძირითადი ფინანსური დონორია, ევროკავშირის ქვეყნებს შორის კვლავ არ არსებობს ერთიანი პოზიცია იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა ჩაერთოს უმაღლესი დონის დიალოგში მოსკოვთან და ვაშინგტონთან, ან საერთოდ ღირს თუ არა ვლადიმერ პუტინთან საუბარი.

გასულ კვირას იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ სამშვიდობო პროცესში ევროკავშირის ჩართულობა მკაცრად გააკრიტიკა და მას „ქაოსური“ უწოდა. ევროპელი ლიდერები ამ საკითხებზე მიმდინარე კვირას დუბლინის სამიტზე იმსჯელებენ.

პარალელურად, აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების ფონზე, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ მომდევნო რაუნდზე მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპის სრულფასოვანი ჩართულობა სურთ. ეს ნაწილობრივ იმით არის განპირობებული, რომ ვაშინგტონს სურს სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ფართო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის გადახედვის საკითხიც განიხილოს, რაც რუსეთის დიდი ხნის მოთხოვნას წარმოადგენს.