მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის, ბულგარეთის და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრებთან (ფარვიზ შაჰბაზოვი, ივა პეტროვი და ალფარსლან ბაირაქთარი) ხელი მოაწერეს „საქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთის და თურქეთის რესპუბლიკის  მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას”.

მიზანი სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემის და მიწოდების ხელშეწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

შეთანხმების თანახმად, მხარეები განსაზღვრავენ გადამცემი სისტემის ოპერატორებს, რომლებიც მწვანე დერეფნის პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი ერთობლივი საწარმოს აქციონერები გახდებიან. ასევე ითანამშრომლებენ სუფთა ენერგიის წარმოების, გადაცემისა და ვაჭრობის, არსებული ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და ახალი ელექტროგადამცემი ხაზების განვითარების მიზნით.

პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დერეფნის არანაკლებ 2-3 ათასი მეგავატის გამტარუნარიანობა, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, განახორციელოს ელექტროენერგიის მიწოდების მარშრუტებისა და საექსპორტო მიმართულებების დივერსიფიკაცია, საქართველოში წარმოებული მწვანე ელექტროენერგია კი ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე გაიყიდოს.

ხელმოწერის ცერემონია ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გაიმართა.