თბილისი (GBC) – სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (კუხო) წევრობის საწევრო შენატანებს ორ წელზე მეტია არ იხდის. ამის გამო ორგანიზაციაში ერევნისთვის ხმის მიცემისა და თანამდებობებზე კანდიდატების წარდგენის უფლების შეზღუდვის საკითხი განიხილება.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში, კუხოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა, თავდაცვის მინისტრებისა და უშიშროების საბჭოების მდივნების სამშაბათის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლავროვის განმარტებით, საკითხი კუხოს წევრ სახელმწიფოთა მეთაურების სამიტზე განიხილება, რომელიც ხვალ, 11 ნოემბერს კრემლში გაიმართება.
„თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამის შემდეგაც სომხეთს კუხოს ფარგლებში ყველა უფლება შეუნარჩუნდება, მათ შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფლება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამასთან, სომხეთს ოფიციალურად არ დაუწყია არც კუხოდან გასვლის პროცედურა და არც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან (დსთ) გასვლის საკითხი დაუყენებია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კუხოს სტრუქტურებში მონაწილეობას ფაქტობრივად გაყინულ რეჟიმში აგრძელებს.
ამის შესახებ დსთ-ის გენერალურმა მდივანმა სერგეი ლებედევმა კოლექტიური უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში განაცხადა.
კითხვაზე, განუცხადებია თუ არა სომხეთს დსთ-დან გასვლის სურვილის შესახებ, ლებედევმა უპასუხა, რომ ასეთი განცხადება არ მიუღიათ.
„არა. პირადად პრემიერ-მინისტრმაც მითხრა და ბევრმა სხვამაც, რომ ისინი დსთ-ში რჩებიან. ჩვენ არცერთი განცხადება არ მოგვისმენია, რომ ისინი გასვლას აპირებენ“, — განაცხადა ლებედევმა.
