თბილისი (GBC) - 2026 წლის სექტემბერში, აგვისტოს სეზონური შენელების შემდეგ, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული. კვლევის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მშენებლობის გაცემული ნებართვების წლიური კლების ფონზე, ფასები პირველად ბაზარზე მცირედით გაიზარდა, ხოლო მეორადზე შემცირდა. ამასთან, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული სეზონური მოთხოვნის შედეგად, ქირის ფასი მკვეთრად გაიზარდა, რამაც ქირის ამონაგები 9.4%-მდე გაზარდა.

მოთხოვნა 2026 წლის სექტემბერში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 4,330 შეადგინა (+8% წ/წ), აქედან:

  • მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 2.1%-ით გაიზარდა და 2,163 შეადგინა (2026 წლის 9 თვეში +14% წ/წ).
  • პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 14.5%-ით გაიზარდა და 2,167 შეადგინა (2026 წლის 9 თვეში +19.9% წ/წ).

Galt & Taggart-ის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, პირველად ბაზარზე მოთხოვნა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა. აღსანიშნავია, რომ გაყიდვები წლიურად 26.6%-ით შემცირდა, რაც 2025 წლის სექტემბრის მაღალ ბაზითაა განპირობებული. 2026 წლის 9 თვეში პირველად ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 20.6%-ით გაიზარდა.

2026 წლის 9 თვეში, თბილისში სულ 35,033 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ $3.2 მლრდ შეადგინა (+26.3% წ/წ).

მიწოდება

2026 წლის სექტემბერში, გაცემული ნებართვების საცხოვრებელიმა ფართობმა კლება განარგძო და წლიურად 39.6%-ით შემცირდა (117,252 კვ.მ-მდე 19 საცხოვრებელ პროექტში). ჯამურად, 2026 წლის 9 თვეში გაცემული ნებართვების ფართობი წლიურად 7.6%-ით შემცირდა.

ფასები

2026 წლის სექტემბერში, უძრავი ქონების ფასი პირველად ბაზარზე თვიურად მცირედით 0.2%-ით გაიზარდა, 1,434 აშშ დოლარამდე (+6.7% წ/წ). მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი, ორთვიანი სწრაფი ზრდის შემდეგ, თვიურად 0.9%-ით შემცირდა და 1,387 აშშ დოლარი შეადგინა (+5.9% წ/წ).

ქირა

2026 წლის სექტემბერში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი თვიურად 8.6%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე $11.3 შეადგინა, რაც სასწავლო წლის დაწყებისას მოთხოვნის დროებით ზრდას ასახავს. შედეგად, ქირის ამონაგები 9.4%-მდე გაიზარდა.