თბილისი (GBC) – „თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, 2026 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ $3.061 მლრდ შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით არის გაზრდილი, რაც ზრდის ტემპის შესამჩნევ დაჩქარებაზე მიუთითებს.

საანგარიშო პერიოდში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 18%-ით გაიზარდა და 34,434 ერთეული შეადგინა. მხოლოდ 2026 წლის სექტემბერში გაყიდული ბინების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა და 4,254 ტრანზაქცია დაფიქსირდა.

2026 წლის 9 თვის მონაცემებით, ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა კვადრატულ მეტრზე $1,353 შეადგინა (+4% წლიურად). ხოლო სექტემბრის თვეში საშუალო გასაყიდი ფასი $1,373-მდე გაიზარდა (წლიური 3%-იანი ზრდა).

კატეგორიების მიხედვით (ბოლო 12 თვის საშუალო გასაყიდი ფასი, $/კვ.მ):

  • ლუქს კლასი: $4,319
  • პრემიუმ +: $3,121
  • პრემიუმი: $2,374
  • კომფორტი: $1,621
  • ეკონომ +: $1,208
  • ეკონომი: $865

რაც შეეხება იჯარის ბაზარს, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საშუალო გასაქირავებელი ფასი წლიურ ჭრილში 3%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე $10.1 შეადგინა, ხოლო უძრავი ქონების ამონაგები 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 8.2%-ს გაუტოლდა. მხოლოდ სექტემბერში გასაქირავებელი ფასი $10.3 იყო (1%-იანი ზრდა), ხოლო ამონაგებმა 8.2% შეადგინა (0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლები წინა წელთან შედარებით).

ბაზრის სეგმენტაციით, 2026 წლის სექტემბერში ძველი ბინების გაყიდვები წლიურად 13%-ით გაიზარდა (3,496 ტრანზაქცია). ახალი ბინების გაყიდვები კი 3%-ით შემცირდა და 758 ტრანზაქციას გაუტოლდა. კლება ძირითადად კვ.მ-ზე $1,500-ზე დაბალი ფასის ბინებზე მოდის. შედეგად, ჯამურ გაყიდვებში ახალი ბინების წილმა 18% შეადგინა. 9 თვის ჭრილში ორივე სეგმენტში ზრდა დაფიქსირდა: ძველი ბინების გაყიდვები 23%-ით, ხოლო ახალი ბინების 3%-ით გაიზარდა.

„თიბისი კაპიტალის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2026 წლის ცხრა თვეში ბაზარზე პოტენციური მიწოდება, რომელსაც გაცემული სამშენებლო ნებართვებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართობი ასახავს, 10%-ით შემცირდა და დაახლოებით 854,000 კვ.მ შეადგინა.

კლება ძირითადად ისნის, გლდანისა და დიდი დიღმის ხარჯზე დაფიქსირდა. ნებართვების ყველაზე დიდი წილი ნაძალადევსა და დიდ დიღომზე მოდის (თითოეული 17%), რომელსაც საბურთალო (15%) მოსდევს.