თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით 2025 წელს, საქართველოში მეცნიერულ კვლევებს ახორციელებდა 69 დაწესებულება, რომელთა მიერ კვლევებსა და ექსპერიმენტულ განვითარებაზე წლის განმავლობაში გაწეულმა ხარჯებმა ₾282.2 მლნ შეადგინა, რაც 16.2%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობა 2.2%-ით გაიზარდა და 16 552 შეადგინა, რომელთაგან 14 390 მკვლევარია. მკვლევრების 55.1% ქალია, ხოლო 44.9% - კაცი.
მკვლევართა 67.5% არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული, 29.8% - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, 2.7% - ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული.
რაც შეეხება მკვლევრების განაწილებას ასაკის მიხედვით, ქალების შემთხვევაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე (22.9%), ხოლო კაცების შემთხვევაში - 65 წლის და უფროსი ასაკის ასაკობრივ ჯგუფზე (24.4%).
მკვლევრების ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობს, რომელთა საერთო რიცხოვნობა 3 250 კაცს შეადგენს (22.6%). ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 474 პირია დასაქმებული (3.3%).
