თბილისი (GBC) - საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გამართული ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში, მხარეებს შორის მნიშვნელოვანი საბაჟო შეთანხმება გაფორმდა.
დოკუმენტს - ოქმს საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო გამტარი პუნქტის „აბრეშუმის გზა / იფექ იოლუ“ პრაქტიკული ფუნქციონირების შესახებ, ხელი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მამუკა ბარათაშვილმა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ, შაჰინ ბაგიროვმა მოაწერეს.
შეთანხმებული ოქმის მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, სატრანზიტო ტვირთბრუნვის ხელშეწყობა და შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის შემდგომი განვითარებაა.
დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივი გამტარი პუნქტის მეშვეობით გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდას. ეს უზრუნველყოფს საზღვრის კვეთის პროცედურების მნიშვნელოვნად გამარტივებას, უწყებებს შორის ოპერატიულ თანამშრომლობასა და უსაფრთხო, კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობას.
გაფორმებული ოქმი ეფუძნება 2021 წლის 29 სექტემბერს ბაქოში ხელმოწერილ სამთავრობათაშორისო შეთანხმებას სახელმწიფო საზღვარზე გამტარი პუნქტების შესახებ, რომელიც ახალი ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო გამტარი პუნქტის შექმნასა და მისი ოპერირების ძირითადი პრინციპების განსაზღვრას ითვალისწინებდა.
