თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ფაქტორინგისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების საკითხებზე გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ნინო ჯელაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ფაქტორინგი კომპანიებს საშუალებას აძლევს, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შედეგად წარმოშობილი მოთხოვნები დაფინანსების წყაროდ გამოიყენონ და გადახდის მოლოდინის პერიოდში საჭირო საბრუნავი კაპიტალი უფრო სწრაფად მიიღონ. აღნიშნული მექანიზმი ხელს უწყობს ფულადი ნაკადების მართვის გაუმჯობესებას, მომწოდებლებთან ანგარიშსწორებასა და ბიზნესის გაფართოებას.

„ეროვნული ბანკის მიზანია საქართველოში ფაქტორინგი დაფინანსების პრაქტიკულ და სანდო წყაროდ აქციოს. ერთობლივი მუშაობით შევძლებთ, დავეხმაროთ ბიზნესს საბრუნავი კაპიტალის უფრო ეფექტიანად მართვაში, გავაფართოოთ შესაძლებლობები ფინანსური სექტორისთვის და ხელი შევუწყოთ დასაქმებასა და ეკონომიკურ ზრდას“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.

ნინო ჯელაძემ ხაზი გაუსვა რომ საქართველოში ფაქტორინგის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი 2026 წლის 6 აპრილს „ფაქტორინგის შესახებ“ კანონის მიღება გახდა, რომელმაც ბაზრის განვითარების სამართლებრივი საფუძველი შექმნა. მისი შეფასებით, ბაზრის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩოს ჩამოყალიბება, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარება და ბაზრის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება.

“საქართველოს ეროვნული ბანკი ფაქტორინგის ბაზრის განვითარებაზე მუშაობას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით აგრძელებს. მათ შორისაა ფაქტორინგის კომპანიებისა და პლატფორმების საქმიანობის მარეგულირებელი წესების მომზადება, ბაზრის საჭიროებებზე მორგებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და ფინანსური სექტორისა და ბიზნესის ინფორმირებულობის გაზრდა”, - განაცხადა მან.

ნინო ჯელაძემ ასევე ისაუბრა საჯარო და კერძო სექტორებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც. მისი განცხადებით, სამართლებრივი და ტექნოლოგიური საფუძვლების შექმნასთან ერთად, ფაქტორინგის ბაზრის წარმატებული განვითარებისთვის აუცილებელია ჯანსაღი კონკურენცია, მომსახურების მიმწოდებლების შესაბამისი კომპეტენცია და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტები.

„ვაჭრობის დაფინანსების მომავალი: ფაქტორინგი და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსება“ - ღონისძიება საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციისა და ფაქტორინგის საერთაშორისო ორგანიზაციის (FCI) ორგანიზებით იმართება, ორდღიანი სამუშაო შეხვედრის მიზანია საქართველოში ფაქტორინგის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ბიზნესისთვის დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების ხელმისაწვდომობის გაზრდა.