თბილისი (GBC) - აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების შესაძლო გამარჯვება და კონგრესზე კონტროლის დაბრუნება ევროპას დაუყოვნებლივ შვებას ვერ მოუტანს. პირიქით, ვაშინგტონში მოსალოდნელი პოლიტიკური შტორმი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაუარესებისა და ახალი კრიზისების წარმოშობის რისკებს ზრდის. გამოცემა Politico განმარტავს 5 საკითხს, რომელსაც ევროპამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს:

1. ევროპა ტრამპის რისხვის მთავარი სამიზნე გახდება

სენატში გამარჯვებისა და წარმომადგენელთა პალატის დაკავების შემდეგ, დემოკრატები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ მასშტაბურ საპარლამენტო გამოძიებებს დაიწყებენ (მათ შორის ირანის ომზე, FBI-ის მართვასა და ტრამპის ოჯახის ბიზნესებზე). საშინაო ფრონტზე შეზღუდული პრეზიდენტი ეცდება დაამტკიცოს, რომ კვლავ ძლიერი ლიდერია, ამისთვის კი საგარეო პოლიტიკასა და ვაჭრობას გამოიყენებს, სადაც მას მოქმედების ფართო კონსტიტუციური უფლებამოსილება აქვს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ყოფილი თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი აფრთხილებს ევროპას, რომ ჰარმონიული ურთიერთობების ნაცვლად, ტრამპის მხრიდან უფრო ხისტ მოთხოვნებსა და უთანხმოებებს უნდა ელოდონ.

2. ამოსუნთქვის შესაძლებლობა უკრაინისთვის

დემოკრატების მიერ კონგრესის დაკავება გააადვილებს უკრაინისთვის დახმარების პაკეტების ინიცირებას. თუმცა, Chatham House-ის დირექტორის, ბრონუენ მადოქსის განცხადებით, ეს არ ნიშნავს მყისიერ ხსნას: ფინანსური და სამხედრო რესურსების რეალურად ამოქმედებას თვეები ან წლები დასჭირდება. უკრაინას კი საჰაერო თავდაცვის სისტემები (განსაკუთრებით Patriot-ის რაკეტები) რუსული დაბომბვებისგან დასაცავად დაუყოვნებლივ, ამ ზამთარსვე სჭირდება.

3. ტრამპისეული „სამშვიდობო შეთანხმება“

აშშ-ის ყოფილი დიპლომატის, კურტ ვოლკერის ვარაუდით, ტრამპმა შესაძლოა იგნორირება გაუკეთოს კიევისა და ევროპელი მოკავშირეების პროტესტს და ცალმხრივად დაიწყოს რუსეთისთვის სანქციების მოხსნა და ენერგეტიკული გარიგებების დადება. თუმცა, NATO-დან გამოსვლის ან ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირების კუთხით ვოლკერი მკვეთრ ნაბიჯებს არ ელის, რადგან ამ საკითხში ტრამპს არც დემოკრატების, არც რესპუბლიკელებისა და არც საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს.

4. ენერგომატარებლების ფასების რყევა

სანამ ტრამპი თეირანთან შეთანხმებას არ მიაღწევს ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ, ევროპაში მაღალი ფასები და საცხოვრებელი კრიზისი შენარჩუნდება. Ryanair-ის ხელმძღვანელი მაიკლ ო'ლირი აფრთხილებს, რომ ირანთან კრიზისის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ავიაციას გაზაფხულზე სერიოზული პრობლემები ელის. ტრამპის მხრიდან სამხედრო ოპერაციების განახლება ფასებს კიდევ უფრო გაზრდის, რაც აშშ-შიც არაპოპულარული ნაბიჯი იქნება.

5. ვაშინგტონის შიდაპოლიტიკური ქაოსი

არსებობს დიდი შანსი, რომ აშშ იმ დონით შთანთქოს შიდაპოლიტიკურმა დაპირისპირებამ და იმპიჩმენტისა თუ ეთიკის საკითხებზე დავებმა, რომ არც თეთრ სახლს და არც კონგრესს საგარეო პოლიტიკისთვის დრო აღარ დარჩეთ. ეს კი ევროპას გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებთან პირისპირ დატოვებს.