თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით 2026 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.9% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.9%-ით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.6%-ით. შესაბამისად ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.43 პ.პ. შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ტანსაცმლის (12%), ისე ფეხსაცმლის (8.2%) ჯგუფებზე;

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.6%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.34 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.2%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.4%). ამასთან, ფასები შემცირებულია  სატრანსპორტო მომსახურებაზე (-2.4%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.6%-ით, რაც 0.07 პ.პ.-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (1.3%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0.8%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (0.2%).

საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.54 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (30.3%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.5%), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.7%);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.1%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.07 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (20.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6%), ზეთი და ცხიმი (7%), ყავა, ჩაი და კაკაო (5.7%), ბოსტნეული და ბაღჩეული (4.1%), პური და პურპროდუქტები (4%),  რძე, ყველი და კვერცხი (0.6%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-4.5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.3%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-1.2%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 10.1%-ით, რაც 0.98 პ.პ.-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (12.8%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.9%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.6%);

ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.4%-ით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.69 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (11.7%), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (9.4%);

განათლება: ჯგუფში ფასები შემცირდა 12%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში -0.53 პ.პ. შეადგინა. ფასები შემცირდა უმაღლეს განათლებაზე (-32.9%). ამასთან, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (8.8%), საშუალო განათლება (6.6%), დონით განუსაზღვრელი განათლება (5.5%).