თბილისი (GBC) – აზერბაიჯანი მოსკოვს რუსეთის მოქალაქეების დასაქმების, ქონების, საბანკო ანგარიშების, ავტომობილებისა და კომპანიებში წილების შესახებ მონაცემებს გაუზიარებს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც რატიფიცირდა შეთანხმება, რომელიც რუსეთის აღმასრულებელი წარმოების ფედერალურ სამსახურს დსთ-ის ქვეყნების შესაბამისი უწყებებიდან რუსეთის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის უფლებას აძლევს.
შეთანხმება 2025 წლის მაისში რუსეთმა, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა, ბელარუსმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა გააფორმეს. იგი ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას მოქალაქეების შრომითი საქმიანობის, ქონების, საბანკო ანგარიშების, სატრანსპორტო საშუალებების, კომპანიებში წილებისა და სხვა აქტივების შესახებ.
შეთანხმების პირობები ყველა მონაწილე ქვეყნისთვის ერთნაირი არ არის. ბელარუსი თანახმაა, გასცეს მხოლოდ ინფორმაცია საბანკო ანგარიშის არსებობის შესახებ, ანგარიშის ნომრისა და მასზე არსებული თანხის გამჟღავნების გარეშე.
უზბეკეთმა განაცხადა, რომ არ უპასუხებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც არასასამართლო ორგანოებისა და ნოტარიუსების გადაწყვეტილებებს ეფუძნება. ყაზახეთმა კი საბანკო ინფორმაციის გადაცემას ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები დაუწესა.
შეთანხმების ამოქმედება რუსეთს საშუალებას აძლევს, დსთ-ის პარტნიორი ქვეყნების მეშვეობით საზღვარგარეთ მცხოვრები საკუთარი მოქალაქეების ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოიპოვოს.
