თბილისი (GBC) - საქართველოს საპენსიო ფონდის სამივე საინვესტიციო პორტფელმა 2026 წლის პირველი ათი თვე დადებითი ნომინალური და რეალური შემოსავლიანობით დაასრულა. წლის დასაწყისიდან მიღებული შედეგებით ლიდერობა კონსერვატიულმა პორტფელმა შეინარჩუნა.

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საპენსიო პორტფელების შემოსავლიანობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • კონსერვატიული პორტფელი: 8.60% (რეალური შემოსავლიანობა ინფლაციის გათვალისწინებით: 2.85%);
  • დაბალანსებული პორტფელი: 8.11% (რეალური: 2.38%);
  • დინამიკური პორტფელი: 7.41% (რეალური: 1.72%).

საპენსიო ფონდის მონაცემებით, უშუალოდ ოქტომბერს, პორტფელების შედეგები განსხვავებული იყო. საერთაშორისო სააქციო ბაზრებზე უარყოფითად აისახა ხელოვნური ინტელექტის (AI) ინდუსტრიაში კაპიტალურ დანახარჯებთან დაკავშირებული გაურკვევლობა, მაშინ როდესაც ადგილობრივმა ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებმა პორტფელების შედეგებზე დადებითი გავლენა იქონია.

ამასთან, აშშ დოლართან მიმართებით ლარის 0.23%-იანმა გამყარებამ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივების ლარში გამოხატული შემოსავლიანობა შეამცირა.

შედეგად, ოქტომბერში საუკეთესო შედეგი კონსერვატიულმა პორტფელმა აჩვენა და 0.14%-ით გაიზარდა. დაბალანსებული და დინამიკური პორტფელები კი, შესაბამისად, 0.59%-ით და 1.34%-ით შემცირდა. კონსერვატიულ პორტფელში აქციების შედარებით დაბალმა წილმა სააქციო ბაზრების შემცირების გავლენა შეასუსტა.

მიუხედავად ოქტომბრის თვის სუსტი შედეგისა, დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან გაწლიურებული შემოსავლიანობით კვლავ ლიდერობს 12.86%-იანი ნომინალური მაჩვენებლით (რეალური: 8.42%). დაბალანსებული პორტფელის შესაბამისი მაჩვენებელი 12.21%-ს შეადგენს (რეალური: 7.80%), ხოლო კონსერვატიულის - 10.16%-ს (რეალური: 4.25%).

2026 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა ₾10.2 მილიარდს გადააჭარბა, ხოლო ჯამური საინვესტიციო სარგებელი ₾3 მილიარდს მიუახლოვდა.

31 ოქტომბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 787 ათას ადამიანს შეადგენს.

ამავე პერიოდისთვის, დაგროვებითი პენსიით 38,186-მა პირმა ისარგებლა, რომლებზეც პენსიის სახით ჯამში 201,645,743.53 ლარი გაიცა.