თბილისი (GBC) - თიბისის ინფორმაციით, ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ, სტუდენტური AI კვლევითი პროგრამა დაიწყო. მიზანი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევის უნარების განვითარება და ტექნიკური კომპეტენციის გაძლიერებაა.

სტუდენტური AI კვლევითი კლუბი უნიკალური შესაძლებლობაა ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის, ჩაერთონ რეალურ კვლევით პროექტებში, გამოაქვეყნონ სამეცნიერო ნაშრომები და მოემზადონ საერთაშორისო კონფერენციებისა და წამყვანი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისთვის.

გუნდები იმუშავებენ კვლევის ხელმძღვანელებთან ერთად, სიღრმისეულად შეისწავლიან საკვლევ თემას, მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებს და მოამზადებენ სამეცნიერო ნაშრომს. საუკეთესო ნაშრომის ავტორები კი, ტექნოლოგიების მიმართულებით საერთაშორისო კონფერენციაზე/ექსპოზე გაემგზავრებიან.

„სტუდენტური კლუბის მიზანი საქართველოში კვლევით დაინტერესებული ახალი თაობის პროფესიონალების ხელშეწყობა და ქვეყანაში AI კვლევის კულტურის ჩამოყალიბებაა. რეგიონში და მსოფლიოში კონკურენციისთვის საქართველოშიც უნდა არსებობდეს AI კვლევები, რისთვისაც ტალანტების განვითარება ყველაზე მთავარი გამოწვევაა. GAIA, თიბისის მხარდაჭერით და აკადემიურ სექტორთან თანამშრომლობით, სწორედ ამ მიზანს ისახავს”, - გიგი გიორგაძე, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი.

კლუბის მენტორები წამყვანი ქართველი AI მკვლევრები იქნებიან სხვადასხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან და კომპანიებიდან.

AI კლუბის შეხვედრები ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება. კლუბში მისაღებად რეგისტრაცია 2 ნოემბრამდე გაგრძელდება. დეტალური ინფორმაციისთვის და კლუბის წევრობისთვის გადადით ბმულზე.

ხელოვნური ინტელექტის კვლევა მიმართულებაა, რომელიც მომავალს ქმნის - ცოდნის, ინოვაციისა და პროგრესის გზით. თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ახალ თაობას აძლევს შესაძლებლობას განვითარდნენ, იკვლიონ და შექმნან რეალური ცვლილება ტექნოლოგიების სამყაროში