თბილისი (GBC) – ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ, შვედეთის, დანიისა და ფინეთის ცენტრალური ბანკების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
დისკუსია შეეხებოდა გლობალურ ეკონომიკურ გარემოში მზარდ გაურკვევლობას და მის გავლენას მონეტარულ პოლიტიკასა და ფინანსურ სტაბილურობაზე.
მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სცენარების ანალიზისა და სტრეს-ტესტირების მნიშვნელობაზე, როგორც რისკების უკეთ შეფასებისა და სისტემების მდგრადობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ინსტრუმენტებზე.
დისკუსიისას გამოიკვეთა ძლიერი ფინანსური ინფრასტრუქტურის კრიტიკული მნიშვნელობის აუცილებლობა. აღინიშნა, რომ საგადახდო სისტემები და ბაზრის ძირითადი ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მდგრადი, სანდო და სრულად ფუნქციონირებადი ნებისმიერ პირობებში, რადგან ისინი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.
შეხვედრაზე, ასევე ხაზი გაესვა გლობალურ მიწოდების ჯაჭვებში არსებულ მოწყვლადობებს და ინვესტიციების გაგრძელების, მზადყოფნის გაძლიერებისა და მწვანე ტრანზიციის დაჩქარების აუცილებლობას.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, მათ შორის, ფედერალური სარეზერვო ბანკის, ინგლისის ბანკის, ევროპის ცენტრალური ბანკის, გერმანიის ცენტრალური ბანკის, დანიის, საფრანგეთის, იტალიის, ფინეთის, ავსტრიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, თურქეთის, ირლანდიის, მოლდოვას და სხვა ქვეყნების ცენტრალური ქალი ბანკირები.