თბილისი (GBC) – აზერბაიჯანმა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა სომხეთში არჩევნების შედეგებს დაუკავშირა, რომელიც 2026 წლის ივნისში არის დაგეგმილი. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში ელჩინ ამირბეკოვმა ჩეხეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტელეკომპანია CNN Prima News–ის ეთერში განაცხადა. 

ბაქოში თავის პოზიციას იმით განმარტავენ, რომ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება მეორე მხრიდან ლეგიტიმიზებული და მხარდაჭერილი უნდა იყოს იმ ხელისუფლების მიერ, რომელსაც გრძელვადიანი ვალდებულებების მანდატი ექნება.

ამასობაში ერევანში განაცხადეს, რომ ვაშინგტონთან შეთანხმდნენ „ტრამპის მარშრუტის“ მშენებლობის დაჩქარებაზე. თუმცა, ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყება აშშ–სა და ირანს შორის მიმდინარე ომის პირობებში შეუძლებელია. მათივე აზრით, სირთულეს წარმოადგენს ასევე ინვესტორის მოძიება ასეთი პროექტისთვის.