თბილისი (GBC) – მსოფლიო პოლიტიკაში ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ფიგურების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა, რომლის უკანაც, სავარაუდოდ, არაფორმალური გავლენები დგას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, „პლანეტის HR-მენეჯერს მცდარი განზრახვა ამოძრავებს“ სხვადასხვა ქვეყანაში ლიდერების შერჩევისას, რაც გლობალურ გამოწვევებს კიდევ უფრო ამწვავებს.

„ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში. ჩემი ბავშვობის პერიოდში მსოფლიოს დიდებული ლიდერები ჰყავდა, ხოლო ახლა სიტუაცია ბევრად განსხვავებულია. სავარაუდოდ, ამ ნეგატიური მოვლენების უკან არაფორმალური გავლენები დგას“, – აღნიშნა პრემიერმა და გამონაკლისად თურქეთის ლიდერი დაასახელა.

კობახიძის განცხადებით, არაფორმალური გავლენები იკვეთება ოფიციალურ მრავალმხრივ ორგანიზაციებშიც, რაც აფერხებს სუვერენიტეტის დაცვას და საერთაშორისო სამართლის აღსრულებას. „კონკრეტული მრავალმხრივი ორგანიზაციები სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად ქვეყნებს გამოწვევებს უქმნიან. ამის „კარგი“ მაგალითია საქართველო. ამ მიმართულებით გარკვეული გამოწვევების წინაშე ვართ ზოგიერთი მრავალეროვნული ორგანიზაციის მხრიდან“, – განაცხადა მან.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა ამჟამად კრიზისს განიცდის. „ყველას კარგად გვახსოვს ისეთი ფრაზები, როგორიცაა „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი“, „ფასეულობებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი“. სამწუხაროდ, ეს უკვე ჩაბარდა წარსულს. ამაზე ბევრი პოლიტიკოსი საუბრობს“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, კობახიძემ დაადასტურა საქართველოს ურყევი ნება, გახდეს გაერთიანების წევრი, თუმცა მიუთითა ევროკავშირის შიდა პრობლემებზე. „ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო. ამავდროულად, ვხედავთ რა გამოწვევების წინაშე იმყოფება თავად ევროკავშირი. ეს ფუნდამენტური გამოწვევებია“, – განაცხადა მან.

მისი შეფასებით, ევროკავშირს წლების განმავლობაში ჰქონდა ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობის მაღალი მაჩვენებლები და სამართლის უზენაესობა, რაც ახლა საფრთხის ქვეშაა. „თუ ამჟამინდელ ევროკავშირს შევხედავთ, ამ სამივე მიმართულებით მას სერიოზული გამოწვევები აქვს. ეს ჩვენ ძალიან გვაწუხებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ევროკავშირში სიტუაცია სამომავლოდ შეიცვლება“, – დასძინა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა დიპლომატია დაასახელა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვის მთავარ იარაღად. „საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვარსებობდით ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, იმპერიების გზაჯვარედინზე. ჩვენ გარშემო არსებული მრავალი იმპერია გაქრა, თუმცა საქართველო გადარჩა. სწორედ ამიტომ დიპლომატიისა და მისი როლის ღრმად გვწამს“, – აღნიშნა კობახიძემ.

რეგიონულ ჭრილში, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიის მზარდ მნიშვნელობაზე და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე. „საქართველო სატრანზიტო კვანძს წარმოადგენს საქონლის, მომსახურების, ენერგიისა და ციფრული მონაცემების ეფექტური გადაადგილებისთვის. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტად განვამტკიცოთ ჩვენი დამაკავშირებელი ფუნქცია“, – განაცხადა მან.

კობახიძის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები ადასტურებს მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმატებას. „ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი ევროპაში ყველაზე მაღალი იყო, 2021 წლიდან საშუალოდ 9.3%. წლევანდელი წელიც კარგად დავიწყეთ: იანვარ-თებერვალში 8.4%-იანი ზრდა დავაფიქსირეთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

გამოსვლის დასასრულს, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ჯანსაღი ეკონომიკური კავშირების როლს კონფლიქტების გადაჭრაში. „ჩვენ ხიდები უნდა ავაშენოთ მისი დაწვის ნაცვლად, ეს უნდა იყოს ზოგადი მიდგომა. ამ შემთხვევაში კი დიპლომატიის როლი გაცილებით, გაცილებით ძლიერი გახდება“, – დაასკვნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.