თბილისი (GBC) - Georgia Capital PLC-ის (GCAP) დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა მისი ქართული ჰოლდინგური კომპანიის, სს Georgia Capital-ის (JSC GCAP) მიერ გამოშვებული $50 მლნ-ის მოცულობის მდგრადობასთან დაკავშირებული ადგილობრივი ობლიგაციების სრული ვადამდე დაფარვა, JSC GCAP-ის მიერ გამოსყიდვის (call option) უფლების გამოყენების გზით.
ანგარიშსწორება, სავარაუდოდ, 2026 წლის აგვისტოს მეორე ნახევარში განხორციელდება, რის შემდეგაც GCAP სრულად დაფარავს ჰოლდინგური კომპანიის დონეზე არსებულ მთელ დავალიანებას.
კომპანია ასევე აცხადებს აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების მიმდინარე $50 მლნ-ის მოცულობის პროგრამის (რომლის ფარგლებშიც ივნისის ბოლოს მდგომარეობით $10 მილიონია დარჩენილი) დამატებით $10 მლნ-ით გაფართოების შესახებ. გაფართოებული პროგრამა დაუყოვნებლივ ამოქმედდა.
ამ ორ ტრანზაქციასთან ერთად GCAP სრულად დაასრულებს ₾700 მლნ-ის მოცულობის კაპიტალის დაბრუნების პროგრამას, მნიშვნელოვნად ადრე, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი. აღნიშნული პროგრამა კომპანიის მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ უმსხვილეს კაპიტალის დაბრუნების ინიციატივას წარმოადგენს. პროგრამა დასრულდება $150 მლნ-ის ობლიგაციების დაფარვისა და $110 მლნ-ის მოცულობის აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის კომბინაციით. პროგრამა თავდაპირველად 2025 წლის აგვისტოში გამოცხადდა და მისი დასრულება 2027 წლის ბოლომდე იყო დაგეგმილი.
GCAP-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა, განაცხადა:
„მოხარული ვარ, რომ GCAP კიდევ ერთხელ ადასტურებს კაპიტალის განაწილებისადმი დისციპლინირებულ მიდგომას. კიდევ უფრო გაძლიერებული ბალანსის პირობებში, ჩვენ მტკიცედ ვრჩებით ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელებისა და აქციონერებისთვის გრძელვადიანი მდგრადი ღირებულების შექმნის ერთგული. განსაკუთრებით მიხარია, რომ ბოლო პერიოდში მიღწეულმა პროგრესმა შესაძლებლობა მოგვცა, ₾700 მლნ-ის კაპიტალის დაბრუნების პროგრამა დაგეგმილზე წელიწადნახევრით ადრე დაგვესრულებინა”, - აცხადებს GCAP-ის CEO, ირაკლი გილაური და აღნიშნავს, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მოსალოდნელი ძლიერი თავისუფალი ფულადი ნაკადების გათვალისწინებით, დირექტორთა საბჭო განიხილავს კაპიტალის მართვის განახლებულ პროგრამას, რომელიც მოიცავს როგორც ბიზნესში ინვესტიციებს, ისე კაპიტალის დაბრუნების მასშტაბურ მომავალ ინიციატივებს.
დამატებითი განცხადება ამასთან დაკავშირებით, ჯგუფის 2026 წლის პირველი ნახევრის ფინანსურ შედეგებთან ერთად, აგვისტოში გამოქვეყნდება.
აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის ფარგლებში კომპანიის აქციები ღია ბაზარზე შეისყიდება, ხოლო სახაზინო აქციების გაუქმება ყოველთვიურად განხორციელდება.
2026 წლის აქციონერთა წლიურ საერთო კრებაზე (AGM) აქციონერების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, გამოსასყიდი აქციების მაქსიმალური რაოდენობა 5,049,543-ს შეადგენს.
პროგრამის დასრულებამდე შეუქცევად და არადისკრეციულ აქციების გამოსყიდვის პროგრამას Numis Securities Limited უხელმძღვანელებს. დახურული პერიოდის განმავლობაში კომპანიასა და მის დირექტორებს პროგრამაში რაიმე ცვლილების შეტანის უფლებამოსილება არ ექნებათ და მისი განხორციელება სრულად Numis-ის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით წარიმართება.
