თბილისი (GBC) – 2025 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $337 მლნ შეადგინა, რაც 13.0%-ით (38.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ავრცელებს.

რეგულატორის ცნობით, წლის დასაწყისიდან 7 თვეში გადმორიცხულია $2,052 მლრდ. სების მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.3%-ს შეადგენს, შესაბამისი 149.4 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 16.4%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, ივლისში აშშ-დან 21.1%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ $60.9 მლნ შეადგინა.

კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან. კერძოდ, ივლისში წლიურად 0.5%-ით შემცირდა და $45.3 მლნ შეადგინა.

ცნობისთვის, 2025 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ $37.3 მლნ (101.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ივლისის ($33.5 მლნ) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11.4%-ით მეტია.