თბილისი (GBC) – Lion Finance Group PLC-ის (ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG; LFG) 2025 წლის ფინანსური შედეგები აჩვენებს, რომ კომპანია მნიშვნელოვნად ზრდის საკრედიტო პორტფელს როგორც საქართველოში, ისე სომხეთში, თუმცა ბაზრებს შორის განსხვავება როგორც მასშტაბში, ისე მომგებიანობის სტრუქტურაში იკვეთება.

სომხეთში გაცემული სესხების, ლიზინგისა და ფაქტორინგის პორტფელი დაახლოებით ₾11.8 მლრდ-ს შეადგენს, რაც წლიურად 27.6%-იან ზრდას აჩვენებს. საპროცენტო შემოსავალი კი ₾1.35 მლრდ-მდე გაიზარდა (+69.7% y.y).

საქართველოში პორტფელი მნიშვნელოვნად უფრო დიდია და ₾27.3 მლრდ-ს აღწევს (+15.9% y.y), ხოლო საპროცენტო შემოსავალი ₾3.9 მლრდ-ს შეადგენს (+19.8% y.y).

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაკრედიტება უფრო მაღალი შემოსავლიანობით ხასიათდება - საპროცენტო შემოსავლისა და პორტფელის თანაფარდობა დაახლოებით 14%-ს აღწევს, სომხეთში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11%-ის ფარგლებშია.

ამავე დროს, წმინდა საპროცენტო მარჟის (NIM) მიხედვით სომხეთი ლიდერობს: 2025 წელს NIM 6.4%-ს შეადგენს (2024: 7.3%), მაშინ როდესაც საქართველოში 5.9%-ია (2024: 6%).

მარჟებს შორის სხვაობა ნაწილობრივ აიხსნება დაფინანსების ღირებულებით. სომხეთში cost of funding შედარებით დაბალია - 4.5% (2024: 4.4%), ხოლო საქართველოში უფრო მაღალი - 5.4% (2024: 5.2%), რაც წმინდა მარჟაზე გავლენას ახდენს.

ორივე ბაზარზე NIM მცირედით შემცირდა, რაც მიუთითებს, რომ დაკრედიტების მომგებიანობა გარკვეულწილად შემცირდა. თუმცა სომხეთში მაჩვენებელი კვლავ უფრო მაღალია, რაც ძირითადად დაფინანსების შედარებით დაბალი ღირებულებით აიხსნება. ამასთან, სომხეთის ბაზარი უფრო სწრაფად იზრდება, რაც მომავალში შემოსავლიანობის გაუმჯობესების პოტენციალს ქმნის.

ჯამური მაჩვენებლები მიუთითებს, რომ საქართველოში დაკრედიტება შედარებით უფრო მაღალი შემოსავლიანობით და სტაბილური მაჩვენებლებით ხასიათდება, ხოლო სომხეთი - უფრო ეფექტური მარჟის თვალსაზრისით და სწრაფად მზარდ მიმართულებად.