თბილისი (GBC) – სინგაპურის სახელმწიფო მინისტრი საგარეო და ეროვნული განვითარების საკითხებში ალვინ თანი მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე - სინგაპურის ფინტექ ფესტივალზე საქართველოს პავილიონის გახსნას დაესწრო.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ალვინს ფინანსური და ტექნოლოგიური სექტორების განვითარების ძირითადი მიმართულებები, რეფორმები და ინოვაციური პროექტები გააცნო.

პავილიონზე სებ-თან ერთად არიან ქართული ფინანსური და ფინტექ სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც პრეზენტაციები გამართეს.

ფესტივალის მონაწილეები გაეცნენ რთული კომპანიების მიერ ფინანსურ პროდუქტებს, ციფრულ სერვისებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს.

ყველა მონაწილეს დამატებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად კომპანიების წარმომადგენლებთან პირადად გასაუბრებაც შეეძლო.

სებ-ის ინფორმაციით, მსგავსი ფორმატი ხელს უწყობს ქართული ფინტექ სექტორის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას, შესაძლებლობების წარმოჩენას და პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

სინგაპურის ფინტექფესტივალი წელს დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და 100-ზე მეტი ქვეყნისა და რეგიონის 70 000-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. ღონისძიებაში მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები. მათ შორის, ევროპის ცენტრალური ბანკი, გერმანიის ბუნდესბანკი, ინგლისის ბანკი, იაპონიის, ესპანეთისა და დანიის ცენტრალური ბანკები, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი, მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი. კერძო სექტორს ისეთი მსხვილი კომპანიები წარმოადგენენ, როგორებიცაა J.P. Morgan, Visa, Mastercard, Ant International, Tencent და Amazon Web Services.