თბილისი (GBC) – საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის უცხოეთში ფილიალების დაფუძნების სამართლებრივი მექანიზმი იქმნება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონებში ცვლილებებს ითვალისწინებს, პარლამენტში უკვე ინიციირებულია.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების მომზადება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ საქართველოში მოქმედმა სხვადასხვა უნივერსიტეტმა უცხო ქვეყანაში ფილიალის გახსნის ინტერესი გამოხატა, რასაც შესაბამისი სამართლებრივი ბაზა სჭირდება.
ახალი რეგულაციებით, საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებს შეეძლებათ, მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობის დაცვით, უცხოეთში ფილიალები დააფუძნონ. მსგავს ფილიალებში საქმიანობის დასაწყებად სავალდებულო იქნება შესაბამისი უფლების მოპოვება (ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმებით) და პროგრამების აკრედიტაცია. კურსდამთავრებულებს დიპლომს ქართული უნივერსიტეტი გადასცემს, ხოლო დიპლომის დანართში მიეთითება ინფორმაცია უცხო ქვეყნის ფილიალში სწავლის შესახებ. ამასთან, უცხოეთის ფილიალში მისაღები სტუდენტების რაოდენობა ცალკე განისაზღვრება და არ შევა საქართველოში არსებული ძირითადი კამპუსის კვოტაში.
კანონპროექტით ასევე იცვლება სტუდენტის სტატუსისა და აკრედიტაციის ვადები. საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობის შემცირებისა და პროფესიული პროგრამების შედარებით მცირე ხანგრძლივობის გათვალისწინებით, პირობითი აკრედიტაციის მაქსიმალური ვადა ოთხიდან ორ წლამდე მცირდება, ხოლო სტუდენტისა და პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების ვადა, ხუთიდან სამ წლამდე. ამ პერიოდში სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ მობილობით სარგებლობისა და სწავლის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაგრძელების შესაძლებლობა.
გარდა ამისა, მარტივდება დისტანციური განათლების აღიარების პროცედურა, უცხოეთში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებისთვის აღარ იქნება საჭირო გამოცდების უცხო ქვეყანაში, ადგილზე ჩაბარება. თუმცა, ძალაში რჩება პროგრამის აკრედიტაციის მოთხოვნები და პრაქტიკულ, ლაბორატორიულ, კლინიკურ ან სამუშაო ადგილზე სწავლების კომპონენტებთან დაკავშირებული შეზღუდვები.
საკანონმდებლო პაკეტით იზრდება ავტორიზაციის საბჭოსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მანდატიც. კერძოდ, ავტორიზაციის ან პირობების შესრულების შემოწმების პროცესში, საბჭოს უფლება ექნება, უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღების უფლება არანაკლებ 1 და არაუმეტეს 3 წლის ვადით შეუზღუდოს. გეგმური და არაგეგმური მონიტორინგის პარალელურად, შემოდის განგრძობითი შემოწმების მექანიზმი, რაც ცენტრს სასწავლო და კვლევით პროცესებზე უფრო ხანგრძლივი დაკვირვების საშუალებას მისცემს. ასევე, ფართოვდება გასაჩივრებას დაქვემდებარებული გადაწყვეტილებების წრე და სააპელაციო საბჭოში შესაძლებელი ხდება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოების ყველა გადაწყვეტილების გასაჩივრება, ნაცვლად მხოლოდ უარის თქმის ან გაუქმების გადაწყვეტილებებისა.
ახალი და გაფართოებული ფასიანი ადმინისტრაციული წარმოებების შედეგად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შემოსავლები გაიზრდება. უცხოეთში ფილიალის გახსნის უფლების მოპოვების საორიენტაციო საბაზო საფასური ერთ წარმოებაზე 30 000 – 50 000 ლარი იქნება, რასაც უცხოეთში ვიზიტის სამივლინებო ხარჯიც დაემატება. სამინისტრო მომდევნო სამ წელში წელიწადში მაქსიმუმ ორ განაცხადს ელოდება, საიდანაც საბაზო წლიური შემოსავალი 60 000 – 100 000 ლარით განისაზღვრება. რაც შეეხება ფილიალის პროგრამების სავალდებულო აკრედიტაციას, 1–2 პროგრამაზე საფასური 35 376 ლარი იქნება, 3–4 პროგრამაზე - 55 634 ლარი, ხოლო 5–8 პროგრამაზე - 89 244 ლარი (მოსალოდნელია წელიწადში მაქსიმუმ 5 განაცხადი).
ცვლილებები სხვა წარმოებების ტარიფებსაც განსაზღვრავს: სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის ერთი წარმოების საფასური 6 328 ლარი იქნება (მივლინების საჭიროებისას - 8 134 ლარი), საიდანაც წელიწადში მაქსიმუმ 10 განაცხადის პირობებში, ცენტრი 66 892 ლარს მიიღებს. საქმიანობის მისამართის ან ფართის ცვლილების საფასური დაახლოებით 3 000 – 5 000 ლარით განისაზღვრება და წელიწადში 10 განაცხადიდან ცენტრი 30 000 – 50 000 ლარის შემოსავალს პროგნოზირებს. ხოლო გასაჩივრებას დაქვემდებარებული გადაწყვეტილებების წრის გაფართოების შედეგად, წელიწადში მაქსიმუმ 5 დამატებითი საჩივრის შემთხვევაში, დასაშვებობის საფასურიდან (თითოეულზე 200 ლარი) ცენტრი 1 000 ლარს, ხოლო განხილვის საფასურიდან (თითოეულზე 2 777 ლარი) - 13 885 ლარს მიიღებს.
