თბილისი (GBC) – 20 ივნისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს. 

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს სარკინიგზო სექტორში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. საანგარიშო პერიოდში ქვეყნის რკინიგზით 12.4 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით მეტია. ეს ბოლო 12 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ისტორიული მაქსიმუმია.

გარდა ამისა, წლის პირველ 10 თვეში საკონტეინერო გადაზიდვები 17%-ით გაიზარდა.

მოდერნიზაციის შემდეგ ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა მიმდინარე წლის 2 ივნისს სრულად შევიდა ექსპლუატაციაში.