თბილისი (GBC) - დიდი ბრიტანეთის ფინანსური ცენტრი, ლონდონის სიტი პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემის ინიციატივებს ევროკავშირთან ურთიერთობების გადახედვისა და ბლოკში შესაძლო დაბრუნების შესახებ სკეპტიკურად უყურებს. გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ათწლიანი პოლიტიკური ტურბულენტობის შემდეგ, ბრიტანეთის ფინანსურ სექტორს ახალი გაურკვევლობისა და მორიგი ტრავმის გადატანა აღარ სურს.
ივლისში პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ, ლეიბორისტების ლიდერმა ენდი ბერნემმა ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის ამბიციური გეგმები გააჟღერა. მიმდინარე კვირაში, 20 ნოემბერს, ის ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე გაემგზავრება, სადაც მოსალოდნელია ახალი შეთანხმებების გაფორმება აგროსასურსათო ვაჭრობის, ემისიებით ვაჭრობისა და ახალგაზრდების მობილობის სქემების შესახებ. გარდა ამისა, ბერნემმა ღიად დატოვა ერთიან ბაზარზე, საბაჟო კავშირში ან თავად ევროკავშირში დაბრუნების შესაძლებლობაც და განაცხადა, რომ ბორის ჯონსონის მიერ გაფორმებულმა Brexit-ის შეთანხმებამ არ გაამართლა.
მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის რეფერენდუმზე ლონდონის სიტის უმრავლესობა ევროკავშირში დარჩენას უჭერდა მხარს, ბანკებმა, სადაზღვევო კომპანიებმა და აქტივების მმართველებმა წლები დახარჯეს ბლოკის გარეთ მუშაობის ახალ რეალობასთან ადაპტაციისთვის. მათ კონტინენტურ ევროპაში ოფისები გახსნეს, მნიშვნელოვანი კაპიტალი და პერსონალი გადაიყვანეს, ხოლო ბრიტანული ფინანსური რეგულაციები საკუთარ ინტერესებს მოარგეს. საბანკო სექტორის ლობისტების თქმით, ინდუსტრია ბერნემის განცხადებებს პოლიტიკურ მანევრად აღიქვამს და პროცესის წახალისებას არ აპირებს.
ფინანსური სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, ევროკავშირში დაბრუნების პროცესს, ისევე როგორც გასვლას, წლები დასჭირდება, რაც სექტორისთვის ზედმეტი დაბრკოლება იქნება იმ ფონზე, როცა ლონდონი ტექნოლოგიურ რბოლაში აშშ-სთან ჩამორჩენის რისკის წინაშე დგას. ამასთან, სიტი კმაყოფილია შედარებით მოქნილი ბრიტანული რეგულაციებით და ბრიუსელის მკაცრ მარეგულირებელ ჩარჩოში დაბრუნება აღარ სურს.
ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ ევროკომისიის პოზიციაზეც. ფინანსური მომსახურების დეპარტამენტის (DG FISMA) გენერალური დირექტორი პაულინა დეიმეკ ჰაკი, რომელიც თავის დროზე Brexit-ის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, მკაცრი პრინციპულობით გამოირჩევა და ნაკლებად სავარაუდოა, ბრიტანეთს ერთიან ბაზარზე დაშვების სანაცვლოდ რაიმე ტიპის გამონაკლისი დაუშვას.
Politico-ს წყაროების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ ბაზარზე შეუზღუდავი წვდომა დიდი ეკონომიკური სარგებლის მომტანია, ამ ეტაპზე ფინანსურ ინდუსტრიაში ევროკავშირში დაბრუნების თაობაზე კონსენსუსი არ არსებობს და კომპანიების პოზიციები მათი ბიზნესმოდელების მიხედვით შესაძლოა ორად გაიყოს.
