თბილისი (GBC) – აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა 19 ნოემბერს, ჩინეთში, შენჟენში, წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის გარეშე გაიმართება. ამის შესახებ Financial Times წერს. გამოცემის შეფასებით, ეს უჩვეულო ნაბიჯია, რადგან სი ძინპინი, როგორც წესი, უცხოელ ლიდერებთან შეხვედრების მკაცრ რეგლამენტს მოითხოვს.
ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ტრამპი მოლაპარაკებებზე ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხის წამოჭრას გეგმავს, თუმცა შეთანხმების მიღწევას არ ელოდება და მიზნად სამი უდიდესი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერებს შორის დისკუსიის დაწყებას ისახავს.
„ეს ჩინეთისთვის რთული თემაა, მაგრამ ნამდვილად მიგვაჩნია, რომ ჩინეთის დროა, ასე ვთქვათ, დიდ მოთამაშეებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს“, – განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
Financial Times-ის ცნობით, სი ძინპინს შეხვედრაზე ტრამპთან და პუტინთან განსაკუთრებული ურთიერთობის ხაზგასმა სურს, თუმცა ცდილობს, სამმხრივი ფორმატი 1945 წლის იალტის კონფერენციას არ შეადარონ. მაშინ ჩინეთი, მიუხედავად მეორე მსოფლიო ომში იაპონიის წინააღმდეგ ბრძოლისა, კონფერენციაზე მიწვეული არ ყოფილა.
თეთრმა სახლმა სამი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის გეგმა 15 ნოემბერს გამოქვეყნებული ტრამპის სამუშაო განრიგით დაადასტურა. სამიტი შენჟენში, სასტუმრო კომპლექს Kylin Villa-ში, თბილისის დროით 10:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
სამმხრივ მოლაპარაკებამდე ტრამპი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას და სი ძინპინთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.
პუტინთან და სი ძინპინთან შეხვედრა დაასრულებს ტრამპის ოთხდღიან ვიზიტს ფილიპინებსა და ჩინეთში, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის პრეზიდენტი APEC-ისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტებთან დაკავშირებულ მაღალი დონის ღონისძიებებში მონაწილეობს.
