თბილისი (GBC) – აშშ-ის საექსპორტო შეზღუდვების მიუხედავად, ჩინეთში $3 მლრდ-ზე მეტი ღირებულების გამომთვლელი ცენტრების პროექტები სწორედ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Nvidia-ს სანქცირებულ პროცესორებზე დაყრდნობით იგეგმება და შენდება. ამის შესახებ Reuters წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პროექტები მოიცავს როგორც ჩინეთის მდიდარ სანაპირო ტექნოლოგიურ ჰაბებს, ისე ქვეყნის დასავლეთით მდებარე შორეულ პროვინციებს. ეს ფაქტი ცხადყოფს, თუ რამდენად ღრმად არის ინტეგრირებული Nvidia-ს ტექნოლოგიები ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის (AI) ინფრასტრუქტურაში, მაშინ როცა თავად ამერიკული კომპანია აცხადებს, რომ საექსპორტო კონტროლმა ის ჩინეთის მონაცემთა ცენტრების ბაზრიდან ფაქტობრივად გამოთიშა.
Reuters-ის მიმოხილვა გამოქვეყნდა ერთი დღის შემდეგ, რაც Nvidia-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა, რომელიც საექსპორტო შეზღუდვების შერბილების აქტიური მომხრე იყო, სკანდალის ფონზე თანამდებობა დატოვა. ანალიტიკოსების შეფასებით, ჰუანგის წასვლამ შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს რისკები იმ ჩინური კომპანიებისთვის, რომლებიც აშშ-ის სანქციების გამკაცრების ფონზე მიწოდების ჯაჭვის შეფერხების წინაშე დგანან.
Reuters-ის მიერ იდენტიფიცირებულ პროექტებს შორისაა ფუძიანის პროვინციაში დაგეგმილი 6.2 მილიარდი იუანის ($873 მლნ) ღირებულების AI გამომთვლელი ცენტრი, რომელიც კომერციულ პარტნიორებს ეძებს და სპეციფიკაციაში Nvidia H100 ჩიპებს უთითებს. გარდა ამისა, შენსის პროვინციაში სახელმწიფო საინჟინრო ჯგუფ Sinomach-ის შვილობილმა კომპანიამ მოიპოვა კონტრაქტი 3 მილიარდი იუანის ღირებულების ცენტრის პროექტში, რომელიც ასევე H100 და H200 პროცესორების გამოყენებას ითვალისწინებს.
მსგავსი მასშტაბის პროექტები ხორციელდება ჩინეთის სხვა რეგიონებშიც. კერძოდ, ძილინის პროვინციაში 2.26 მილიარდი იუანის ღირებულების პროექტი აერთიანებს Nvidia H100 პროცესორებსა და ჩინური წარმოების ჩიპებს, ხოლო ინვესტიციის დაახლოებით 80%-ის დაფინანსება საბანკო სესხებით იგეგმება. შიდა მონღოლეთში კი 1.5 მილიარდი იუანის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 625 ერთეული Nvidia H200 სერვერის დამონტაჟება, სადაც პირველი ფაზის ფარგლებში ორი შენობის მშენებლობა უკვე დაწყებულია.
გარდა დაგეგმილი ობიექტებისა, რიგი პროექტები უფრო წინწასულ ეტაპზეა ან უკვე ფუნქციონირებს. განსუს პროვინციაში ივლისში გაფორმდა 1.16 მილიარდი იუანის სამშენებლო კონტრაქტი ცენტრისთვის, სადაც დაახლოებით 3,072 ერთეული Nvidia H100 და H200 პროცესორის განთავსება იგეგმება, თუმცა სატენდერო დოკუმენტებით უცნობია, მიწოდებულია თუ არა ჩიპები. ამასთან, ძიანსუს პროვინციაში ქალაქ უსის მთავრობამ განაცხადა, რომ Nvidia H800 პროცესორებზე მომუშავე გამომთვლელი კლასტერი უკვე ექსპლუატაციაშია. ანალოგიური H800 კლასტერი აშენდა ფუძიანშიც, კომპანია Damingcheng-ის მონაწილეობით.
ამერიკულ ჩიპებზე მოთხოვნა ჩინურ კვლევით ინსტიტუტებშიც ფიქსირდება: შენჟენის უნივერსიტეტმა სამი ერთეული H100 ჩიპი შეიძინა, ხოლო აშშ-ის შავ სიაში მყოფმა ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკურმა უნივერსიტეტმა - ორი ერთეული H200 პროცესორი.
ექსპერტების შეფასებით, მსგავსი გეგმები აჩვენებს ჩინელი დეველოპერების ძლიერ დამოკიდებულებას ამერიკულ ტექნოლოგიებზე. აშშ-ის მხრიდან სავაჭრო შეზღუდვების შემდგომი გამკაცრება კი პროექტების გაჭიანურების, ხარჯების ზრდის ან ადგილობრივ ალტერნატივებზე იძულებითი გადაწყობის რისკებს ქმნის.
