თბილისი (GBC) – პარასკევს დუბლინში შეკრებილი ევროკავშირის ლიდერები გააგრძელებენ დავას იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა წარმოადგინოს ისინი უკრაინის მომავალთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. გამოცემა POLITICO-ს ცნობით, იმ ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ომის დასასრულებლად ძალისხმევას ააქტიურებს და ევროპას, შესაძლოა, მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი გამოუყონ, შიდა კამათი ბლოკის სახელით მოლაპარაკე პირის შესახებ დუბლინის სამიტის მთავარ თემად იქცა.
„ამაზე სატელევიზიო შოუს გადაღებაც კი შეიძლებოდა, თუმცა საუკეთესო ნაწილს ხვალისთვის ვინახავთ“, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა ხუთშაბათს POLITICO-სთან ინტერვიუში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც დუბლინში დაახლოებით 50 ევროპელ ლიდერს შეხვდა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპულ მთავრობებს მოლაპარაკებებში ხმა უნდა ჰქონდეთ, რადგან აბუ-დაბიში გამართულ სამმხრივ (აშშ-რუსეთი-უკრაინა) შეხვედრებზე ევროკავშირი ფაქტობრივად თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, ეს საკითხი ხუთშაბათს მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან განიხილეს, საღამოს კი დუბლინში ჩაფრინდნენ ზელენსკისთან შესახვედრად.
დიპლომატებისა და ოფიციალური პირების თქმით, ევროკავშირი სულ მცირე სამ ბანაკად გაიყო. პირველ ბანაკში იზრდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას მხარდაჭერა, რომლის ინსტიტუციური როლიც მას ბუნებრივ კანდიდატად აქცევს.
პორტუგალიის ყოფილ პრემიერს მხარი დაუჭირეს ესტონეთის, იტალიის, ლუქსემბურგისა და პოლონეთის ლიდერებმა. კოშტამ თავადაც მკაფიოდ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ევროკავშირს მისი ინსტიტუტები, შესაბამისად, თავად ის წარმოადგენს.
მეორე ბანაკში საფრანგეთი და გერმანია არიან, რომელთაც არ სურთ მოლაპარაკებების მაგიდასთან საკუთარი ადგილის ბრიუსელისთვის დათმობა. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ E3 ფორმატი (გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი) და ხუთი ქვეყნის წარმომადგენლობა (იტალიისა და პოლონეთის ჩათვლით) კარგად აპრობირებული მექანიზმია. საფრანგეთი კი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და ევროპის ერთადერთი ბირთვული სახელმწიფო, მიიჩნევს, რომ ბრიუსელს მისი დიპლომატიური და სამხედრო წონის ჩანაცვლება არ შეუძლია.
მესამე, ყველაზე მცირერიცხოვანი ჯგუფი ევროკავშირის მთავარ დიპლომატს, კაია კალასს უჭერს მხარს. დიპლომატების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიმართ მისი ხისტი პოზიციის გამო კრემლი მასთან მოლაპარაკებაზე უარს იტყვის, თუმცა მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ სწორედ ეს სიმკაცრე აქცევს მას საუკეთესო კანდიდატად, რადგან „პუტინიც ზუსტად იმას შეარჩევდა, ვისთან საუბარიც დასავლეთს არ სურს“. ესტონეთის პრემიერის აზრით, კალასი კოშტას ბუნებრივი მოადგილე უნდა იყოს, მით უმეტეს, რომ ორივე მათგანი თანამდებობაზე 2029 წლამდე რჩება.
ევროკავშირის მაღალჩინოსნის ცნობით, პარასკევის შეხვედრაზე სპეციალური წარმომადგენლის ოფიციალურად დანიშვნა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა შესაძლოა მიაღწიონ ზოგად შეთანხმებას წარმომადგენლობის ფორმატზე. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელს გადაწყვეტილების დაჩქარებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ევროპის წარმომადგენლის ვინაობა არაუგვიანეს ნოემბრისა უნდა დამტკიცდეს.
