თბილისი (GBC) - სექტემბერში იაროსლავლის სასამართლომ შუახნის მამაკაცს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი, რომელიც რუსეთში, როგორც წესი, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობებისთვის გამოაქვთ. გამოცემა POLITICO-ს ცნობით, მისი „დანაშაული“ უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების საფლავებისთვის ფოტოების გადაღება აღმოჩნდა.

იმ ფონზე, როდესაც მოსკოვი ბრძოლის ველზე დანაკარგების შესახებ მონაცემებს მკაცრად ასაიდუმლოებს, დამოუკიდებელი ჟურნალისტები და აქტივისტები რეალური მსხვერპლის დასადგენად სწორედ სასაფლაოების ფოტოფიქსაციას იყენებდნენ.

გერმანიის თანამედროვე ისტორიის ლაიბნიცის ცენტრის წარმომადგენლის, იან ბერენდსის თქმით, საფლავების მზარდი რაოდენობა ხელისუფლებას ძალიან აწუხებს, რადგან ეს მათ პუტინის ომის მარცხს ახსენებს. ბოლო თვეებში რუსეთის ხელისუფლებამ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ სამხედრო სასაფლაოების გადაღება შესაძლოა სამუდამო პატიმრობითაც კი დაისაჯოს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) კი სასაფლაოებს პატრულირებს. ზაფხულიდან მოყოლებული, ქვეყნის მასშტაბით ათეულობით ადამიანი დააკავეს, რომელთაც დახურულ პროცესებზე სახელმწიფო ღალატსა და უკრაინის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ედავებიან.

დამოუკიდებელი გამოცემა „მედიაზონისა“ და BBC-ის რუსული სამსახურის ერთობლივ მონაცემთა ბაზაში (Russia 200) უკვე თითქმის 283 000 დაღუპული რუსი სამხედროს ვინაობაა იდენტიფიცირებული, თუმცა ღია წყაროებზე დაყრდნობით ყველა დაღუპულის აღრიცხვა შეუძლებელია.

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება და ნიდერლანდების დაზვერვა რუსეთის დანაკარგებს ნახევარ მილიონზე მეტად აფასებენ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ივლისში განაცხადა, რომ უკრაინაში 700 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ყველაზე მოკრძალებული გათვლებითაც კი, რუსეთის დანაკარგები უკრაინაში ბევრად აღემატება საბჭოთა კავშირის მსხვერპლს ავღანეთის 10-წლიან ომში, სადაც კრემლი ასევე მალავდა რეალურ ციფრებს და ოჯახებს საფლავის ქვებზე „ავღანეთში დაიღუპა“-ს დაწერას უკრძალავდა.

2022 წლის სექტემბერში თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა სერგეი შოიგუმ 5 937 დაღუპულის შესახებ განაცხადა და მას შემდეგ მოსკოვს ოფიციალური რიცხვები აღარ დაუსახელებია.

2024 წლიდან კრემლმა ინფორმაციის ყველა არხი ჩაკეტა: დანაკარგებზე მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებად გამოცხადდა, რუსეთის სტატისტიკის სამსახურმა („როსსტატმა“) 1990-იანი წლებიდან საჯარო ჭარბი სიკვდილიანობის სტატისტიკაზე წვდომა დახურა, 2025 წლის ბოლოს კი ხელისუფლებამ სამხედროების გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების შესახებ სასამართლო სარჩელებიც გაასაიდუმლოვა, რომელთა რაოდენობამ გასულ წელს თითქმის 90 000-ს მიაღწია.

„მედიაზონის“ რედაქტორის, დიმიტრი ტრეშჩანინის თქმით, მოხალისეებზე თავდასხმებისა და მკაცრი სასჯელების გამო სასაფლაოების გადაღება ახლა უკიდურესად სახიფათო გახდა.

რუსი სამხედრო ანალიტიკოსის, იან მატვეევის შეფასებით, კრემლის მთავარი მიზანი რეკრუტირების პროცესის შენარჩუნება და პოტენციური კონტრაქტორების მოტყუებაა, რადგან ფრონტზე გადარჩენის რეალური სტატისტიკის ცოდნის შემთხვევაში, თვეში 30 000 ახალწვეულის შეგროვება შეუძლებელი გახდებოდა. მისივე თქმით, დანაკარგების დამალვა საგარეო აუდიტორიაზე, კონკრეტულად კი დონალდ ტრამპზე - შთაბეჭდილების მოხდენასაც ემსახურება, რათა მას შეექმნას ილუზია, თითქოს პუტინის არმია გამარჯვების ზღვარზეა.