თბილისი (GBC) – 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 3 მლრდ ლარს გადააჭარბებს, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებების დაფინანსება კი 10.9 მლრდ ლარზე მეტი იქნება. ამასთან, მომავალი წლის ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯებისთვის 8.4 მლრდ ლარზე მეტია გათვალისწინებული, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მაჩვენებელს თითქმის 1.2 მლრდ ლარით აღემატება.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით 298 მლნ ლარზე მეტით იზრდება და 3 მლრდ ლარს აჭარბებს. ამასთან, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების დაფინანსების გათვალისწინებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პროგრამებზე ჯამურად 3,71 მლრდ ლარი მიიმართება.

განათლების სამინისტროს ასიგნებებიდან 1,95 მლრდ ლარზე მეტი სკოლების დაფინანსებას მოხმარდება. სასკოლო განათლების მომსახურებას 560 ათასზე მეტი მოსწავლე იღებს. სკოლების დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით 190 მლნ ლარზე მეტით იზრდება, რაც 70 ათასზე მეტი მასწავლებლისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების ზრდის შესაძლებლობას იძლევა.

გარდა ამისა, მომავალი წლის სექტემბრიდან საჯარო სკოლებში 30 ათასზე მეტი დამრიგებლის დანამატის გაორმაგებაა გათვალისწინებული. ზოგადი განათლების სხვა პროგრამების დაფინანსება 284 მლნ ლარს შეადგენს.

პროფესიული განათლებისთვის, დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩათვლით, 263 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც 45 ათას მოქალაქეს პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

უმაღლესი განათლების დაფინანსება 267 მლნ ლარამდეა განსაზღვრული, საიდანაც 105 მლნ ლარი სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების პროგრამას მოხმარდება. მიმდინარე წელს ამ პროგრამის ფარგლებში პირველ კურსზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა. მეცნიერების დაფინანსება 97 მლნ ლარს, ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამები კი 26 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. ამ უკანასკნელის ფარგლებში ცხვარიჭამიასა და ბახმაროში ახალი ახალგაზრდული ბანაკების მშენებლობა დაიწყება.

რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებების დაფინანსებას, 2027 წლის ბიუჯეტით სამინისტროსთვის 10 მლრდ 907 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 1 მლრდ 238 მლნ ლარზე მეტით აღემატება.

აქედან 5 მლრდ 700 მლნ ლარი საპენსიო უზრუნველყოფას მოხმარდება, რაც მიმდინარე წლის დაფინანსებაზე 685 მლნ ლარით მეტია. სხვადასხვა სოციალური პროგრამისთვის 1 მლრდ 994 მლნ ლარია გათვალისწინებული, ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება კი 2 მლრდ 462 მლნ ლარს აჭარბებს და 243 მლნ ლარით იზრდება.

სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის 145 მლნ ლარი გამოიყოფა, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 65 მლნ ლარით აღემატება. მომდევნო წელს პროგრამის ფარგლებში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყება. იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობისთვის კი 418 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

კაპიტალური ხარჯები - 8.4 მლრდ ლარზე მეტი

2027 წლის ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად 8,4 მლრდ ლარზე მეტი მიიმართება. დაფინანსების ძირითადი მიმართულებებია:

  • მუნიციპალური ინფრასტრუქტურა - 2,8 მლრდ ლარზე მეტი;
  • საგზაო ინფრასტრუქტურა - 1,38 მლრდ ლარზე მეტი, მათ შორის, 773 მლნ ლარი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე;
  • საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა - 830 მლნ ლარი;
  • წყალმომარაგება და წყალარინება - 350 მლნ ლარი. ამასთან, მიმდინარე წელს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას დამატებით 280 მლნ ლარი გამოეყოფა, რომლის ფარგლებში სამუშაოები 2027 წელს განხორციელდება;
  • ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა - 230 მლნ ლარი, მათ შორის, ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობების მშენებლობისთვის. რეგიონების გაზიფიცირების სამუშაოების განახლებისთვის მიმდინარე წელს დამატებით 55 მლნ ლარი გამოიყოფა;
  • სპორტული ინფრასტრუქტურა - 310 მლნ ლარი;
  • ტურისტული ინფრასტრუქტურა - 100 მლნ ლარი. მთის კურორტების განვითარებისთვის 2027 წლის სამუშაოების დასაფინანსებლად მიმდინარე წელს 80 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა;
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა განსახლება - 408 მლნ ლარი, რაც ბიუჯეტის წინა პროექტთან შედარებით 140 მლნ ლარით გაზრდილი მაჩვენებელია;
  • ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა - 140 მლნ ლარი;
  • სამელიორაციო სისტემები - 85 მლნ ლარი. ამასთან, 2026 წელს მომდევნო წლის პროექტებისთვის დამატებით 70 მლნ ლარი გამოიყოფა;
  • მყარი ნარჩენების მართვის პროექტები - 110 მლნ ლარზე მეტი;
  • პოლიცია, სახელმწიფო უსაფრთხოება და თავდაცვა - 882 მლნ ლარი;
  • საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდა - 250 მლნ ლარი;
  • თბილისის მეტროს მოდერნიზაცია - 125 მლნ ლარი;
  • სოფლების ინტერნეტიზაცია - 107 მლნ ლარი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობისთვის;
  • სხვა კაპიტალური ხარჯები - 303 მლნ ლარი.

მინისტრის ინფორმაციით, დამატებითი დაფინანსება გათვალისწინებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ახალი სამთავრობო ინიციატივისთვისაც. კერძოდ, მიმდინარე წელს ამ მიმართულებით 100 მლნ ლარზე მეტი მიიმართება, ხოლო 2026-2027 წლებში კომპენსაციას 16 ათასზე მეტი ოჯახი მიიღებს.

ამასთან, ანაკლიის პორტის მშენებლობის ფარგლებში, 2027 წელს განსახორციელებელი სამუშაოების დასაფინანსებლად მიმდინარე წელს დამატებით 125 მლნ ლარი გამოიყოფა.