თბილისი (GBC) - 40-მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, ხელი მოაწერა დეკლარაციას ევროპული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლითაც ხელმომწერი ქვეყნები კიდევ ერთხელ ადასტურებენ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დოკუმენტში ხაზგასმულია უკრაინისთვის მყარი და სანდო უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის აუცილებლობა, რათა მომავალში ევროპაში აგრესიის განმეორება აღიკვეთოს. დეკლარაციის თანახმად, შესაბამისი სახელმწიფოები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ასეთი გარანტიების გაცემის განზრახვას. ამასთან, ხელმომწერი მხარეები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ჰიბრიდული კამპანიები და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტების მცდელობები მხოლოდ გააძლიერებს მათ ერთგულებასა და მტკიცე გადაწყვეტილებას უკრაინის მიმართ.

„ხელმომწერი სახელმწიფოები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზა თავად უკრაინასთან ერთად უნდა განისაზღვროს, ხოლო ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, ევროპელების მონაწილეობით“, - ნათქვამია დეკლარაციაში. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია, ხოლო ევროპის სტრატეგიული სტაბილურობის სამომავლო განვითარება სწორედ უკრაინაში ომის დასრულებაზე იქნება დამოკიდებული.

ევროპული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ დეკლარაციას ხელს აწერენ: საქართველო, ალბანეთი, ანდორა, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.