თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბო ლის შეხვდნენ.

შეხვედრა ბანგკოკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში შედგა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სიძლიერეს, ქართულმა მხარემ სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს ქვეყანაში მდგრადი ფისკალური პოზიციისა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებისკენ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.

ბო ლის-თან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში გამწვავებულმა გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა ინფლაციის არხით მოახდინა. ხაზი გაესვა, რომ მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრა  დიდწილად მიწოდების მხარეს მოქმედი შოკებით, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის შედეგად ენერგომატარებლების გაძვირებით აიხსნება. ამასთან, აღინიშნა რომ მონეტარული პოლიტიკის მომავალი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება არსებული გეოპოლიტიკური ვითარების განვითარების სცენარზე.

როგორც ბო ლიმ აღნიშნა, არსებული გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელსაყრელი ეკონომიკური ვითარების გამოყენება ეკონომიკური ბუფერების გასაძლიერებლად. ამ კონტექსტში მან დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ საქართველოს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა ამ მიზანთან თანხვედრაშია და ქვეყანაში მიმდინარეობს როგორც საერთაშორისო რეზერვების, ისე ფისკალური ბუფერების დაგროვება.

მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე და შემდგომი პერიოდის თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავებაზე.

შეხვედრას  ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.