თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ დოჰაში, ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) 50-ე წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში ეკატერინე მიქაბაძე IOSCO-ს ევროპის რეგიონულ (ERC) და მზარდი და განვითარებადი ბაზრების (GEMC) კომიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა. აგრეთვე შეხვედრები შედგა მრავალმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმის (MMoU) მონიტორინგის ჯგუფის, მრავალფეროვნების მხარდამჭერი ქსელისა და მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტების დანერგვის ქსელის ფორმატში, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკია წარმოდგენილი.
განიხილეს IOSCO-ს მიერ შემუშავებული საცალო ინვესტორების ონლაინ უსაფრთხოების გზამკვლევი. ასევე გააანალიზეს ახალი რისკები და ისაუბრეს ბაზრის განვითარების ტენდენციებზე, მათ შორის, საჯარო და კერძო კაპიტალის ბაზრებზე, ფინტექ მიმართულებაზე, აგრეთვე ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ პროგრამებზე. აღსანიშნავია, რომ IOSCO-ს კომიტეტის სესიები საშუალებას აძლევს იურისდიქციებს გაუზიარონ გამოცდილება, განსაზღვრონ საუკეთესო პრაქტიკები და თანამშრომლობის შესაძლო სფეროები.
IOSCO-ს წლიურ შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა დავით აბესაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკი IOSCO-ს სრული წევრია 2021 წლიდან. ამ სტატუსით 133 საზედამხედველო ორგანო სარგებლობს. აღნიშნული ორგანიზაციის ძირითადი მიზნები ინვესტორთა დაცვა, ბაზრის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და სისტემური რისკების შემცირების გზით ფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერაა.
IOSCO-ს ფარგლებში ეროვნული ბანკი გაწევრიანებულია ევროპის რეგიონულ კომიტეტსა (ERC) და მზარდი და განვითარებადი ბაზრების კომიტეტში (GEMC), ხოლო 2021 წელს ეროვნული ბანკი ინფორმაციის გაცვლის შესახებ IOSCO-ს მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც შეუერთდა.