თბილისი (GBC) – შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი მზად არის დააფინანსოს ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი პროექტები „შუა დერეფნის“ ფარგლებში. ამის შესახებ ბანკის პრეზიდენტმა სერხათ კიოქსალმა აზერბაიჯანულ სააგენტო REPORT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა.
კიოქსალის თქმით, ფინანსური ინსტიტუტი ყურადღებას ამახვილებს ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა, რომლებიც რეგიონული კავშირების გაძლიერებას უწყობს ხელს.
მისივე განმარტებით, ბანკი დაფინანსებას გაუწევს მხოლოდ იმ პროექტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კომერციულ სარგებელს და აქვთ მკაფიო ეკონომიკური დასაბუთება, ხოლო არარენტაბელური ინიციატივები ბანკის დღის წესრიგში არ განიხილება.
კიოქსალმა აღნიშნა, რომ „შუა დერეფანი“, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს, მზარდ მნიშვნელობას იძენს გლობალური მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციის ფონზე და რეგიონში ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს.
მისი თქმით, მსგავსი მასშტაბის პროექტები საჭიროებს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მონაწილეობას, ხოლო ბანკი მზად არის, ასეთი ინიციატივების თანადაფინანსებაში აქტიური როლი შეასრულოს.
ბანკის შეფასებით, რეგიონში ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება და სატრანსპორტო კავშირების განვითარება მომავალ წლებში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დარჩება.