თბილისი (GBC) – საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისები და საერთაშორისო ორგანიზაციები მეორე დღეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილებს ავრცელებენ. დასავლელი პარტნიორებისა და მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლობებმა გავრცელებულ სამძიმრის წერილებში ხაზი გაუსვეს პატრიარქის, როგორც „ეროვნული იდენტობისა და მორალური ავტორიტეტის“ სიმბოლოს მნიშვნელობას.

93 წლის ასაკში გარდაცვლილი ილია II-ის გამო საქართველოში სახელმწიფო გლოვაა გამოცხადებული. ოფიციალური განცხადება პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გააკეთა, სადაც უწმინდესი ბოლო პერიოდში მკურნალობას გადიოდა.

დიპლომატიური მისიების შეფასებები

აშშ-ის საელჩომ პატივი მიაგო პატრიარქის „უდიდეს ღვაწლს“, რომელიც, მათი განცხადებით, „არასდროს მიეცემა დავიწყებას“.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ კი განსაკუთრებული აქცენტი ილია II-ის მიერ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში შეტანილ წვლილზე გააკეთა.

„მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა“, - ნათქვამია ევროკავშირის მისიის განცხადებაში.

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩომ ილია II-ს „განსაცდელის ჟამს გადარჩენის სიმბოლო“ უწოდა, ხოლო თურქეთის წარმომადგენლობამ აღნიშნა, რომ მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, რადგან იგი ათწლეულების განმავლობაში მშვიდობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენს წარმოადგენდა.

თურქეთის საელჩოს სამძიმრის წერილში ნათქვამია, რომ „უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია... იგი იყო მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი“.

შვედეთის საელჩო აღნიშნავს, რომ „მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება, როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი“.

ქვეყნის სულიერი მამის გარდაცვალების გამო გულწრფელად უსამძიმრებს საქართველოს მოსახლეობას ასევე იტალიის საელჩო.

ავსტრიის საელჩო: „ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და ვუსამძიმრებთ ყველა მართლმადიდებელს საქართველოში და საზღვარგარეთ“.

სლოვაკეთის ელჩი მატუს ბუსოვსკი წერს, რომ გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში (მაშინდელი ორჯონიკიძე) დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. მისი სასულიერო გზა 1957 წელს დაიწყო, როდესაც ბერად აღიკვეცა.

იერარქიული სვლა და აღსაყდრება:

  • 1963-1972 წწ: იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი.
  • 1967 წელი: მოღვაწეობა განაგრძო აფხაზეთის ეპარქიაში.
  • 1969 წელი: მიენიჭა მიტროპოლიტის ხარისხი.
  • 1977 წლის 23 დეკემბერი: საეკლესიო კრებამ ერთხმად აირჩია კათოლიკოს-პატრიარქად. მისი ინტრონიზაცია 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში შედგა.

ილია II-ის სახელს უკავშირდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება მსოფლიო საპატრიარქოს მიერ (1990 წელს), ეკლესია-მონასტრების მასშტაბური აღდგენა-მშენებლობა, სასულიერო სასწავლებლების დაარსება და ბიბლიის თანამედროვე ქართულ ენაზე გამოცემა. პატრიარქის ინიციატივითვე დამკვიდრდა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია.