თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) თვის მიმოხილვას აქვეყნებს, რომელშიც ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალური ანალიზია მოცემული. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლეს ინფორმაციას ეყრდნობა.
 

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება. ივლისში ინფლაციამ 1.8% შეადგინა. ივნისთან შედარებით ფასებმა 0.4%-ით დაიკლო
  • საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 1.1% შეადგინა
  • ადგილობრივი ინფლაცია 1.9%-მდე შემცირდა.

    მიზნობრივზე დაბალი ინფლაციის შენარჩუნებას ხელს უწყობს ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ფასების ცვლილების ტენდენციები. კერძოდ, ადგილობრივი ინფლაცია, რომელზეც გავლენას მეტწილად გრძელვადიანი ეკონომიკური ფაქტორები ახდენს, 2024 წლის დასაწყისიდან მიზნობრივ 3%-ზე დაბალი ნარჩუნდება და ივლისში კიდევ მეტად შემცირდა. ამის საპირისპიროდ, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით
    იმპორტირებული ინფლაციის ზრდა განაპირობებს.

    საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის,
    ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 1.1% შეადგინა.

    ივლისში, გასულ თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად სამომხმარებლო ფასებზე ინტერნეტის გადასახდელმა
    იმოქმედა. ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესებას ფასის შესაბამისი გაძვირება არ მოჰყოლია. ამის გამო თვის ინფლაციამ 0.2 პპ-ით დაიკლო.
    წლიურ ჭრილში ინფლაციას ყველაზე მეტად ბენზინის გაძვირება ზრდიდა. გასულის წლის ივლისთან შედარებით ბენზინის ფასები საშუალოდ 21.3%-ით იყო გაზრდილი, ხოლო წვლილი ინფლაციაში 0.8 პპ-ს შეადგენდა. ინფლაციის შემცირებას ყველაზე მეტად ელექტროენერგიის ტარიფის გაიაფება განაპირობებდა. ელექტროენერგიის ტარიფი წლიურად 13.2%-ით შემცირდა, რამაც ინფლაცია 0.3 პპ-ით შეამცირა. სურსათის ფასები გასული წლის ივლისის ფასებს 1.2%-ით აღემატებოდა. აქედან ყველაზე გამოსარჩევი ვაშლის გაძვირება იყო, რაც საერთო ინფლაციას ჯამში 0.2 პპ-ით ზრდიდა, ხოლო მზესუმზირას ზეთის გაიაფება 0.1 პპ-ით ამცირებდა. 

    საბანკო სექტორი

  • ივნისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 17.8%-ით გაიზარდა
    დეპოზიტების დოლარიზაციამ ივნისში 49.1% შეადგინა
  • ივნისში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.6 პპ-ით, 45.2%-მდე შემცირდა 

    უფრო დეტალურად, ივნისში, საბანკო სექტორის სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 7.8 მლრდ ლარით გაიზარდა (თვიურად
    1.7 მლრდ ლარით გაიზარდა) და 54.6 მლრდ ლარი შეადგინა. სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 13.6%-ით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტის სადეპოზიტო ვალდებულებები 1.1 მლრდ ლარით (4.2%-ით) გაიზარდა როგორც სამთავრობო, ასევე იურიდიული პირების დეპოზიტების ზრდის გავლენით. რაც შეეხება უცხოური ვალუტის დეპოზიტებს, წინა თვესთან შედარებით 623.9 მლნ ლარით გაიზარდა. 

    ივნისში დეპოზიტების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები (მთავრობის გარეშე) წინა თვესთან
    შედარებით 0.1 პპ-ით გაიზარდა და 6.1% შეადგინა. ეროვნული ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი არ შეცვლილა და 7.5%-ზე შენარჩუნდა, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ-ით, 1.7%-მდე გაიზარდა. რეზიდენტების ლარის ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი 0.3 პპ-ით შემცირდა და 10.3% შეადგინა. აშშ დოლარის ვადიანი დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით, 2.0%-მდე გაიზარდა, ხოლო ევროს ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.2 პპ-ით შემცირდა და 0.9% შეადგენს.

    ივნისის ბოლოს, ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია 0.1 პპ-ით, 64.8%-მდე შემცირდა, ხოლო იურიდიული პირების 0.2 პპ-ით, 37.8%-მდე შემცირდა. ამავდროულად. ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების დოლარიზაცია, ივნისში, წინა თვესთან შედარებით 0.1 პპ-ით, 61.7%-მდე გაიზარდა.

    ივნისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 17.8%-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით 1.2 პპ-ით შემცირდა. სესხების ზრდის ტემპის შემცირება ძირითადად უცხოური ვალუტით დაკრედიტების შენელებამ განაპირობა. კერძოდ, ივნისში, უცხოური ვალუტით დაკრედიტება (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) წლიურად 13.6%-ით გაიზარდა (წინა თვესთან შედარებით 2.8 პპ-ით ნაკლები) და მთლიანი სესხების ზრდაში 6.2 პპ-იანი წვლილი შეიტანა. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდის ტემპის შემცირება ბიზნეს–სესხებს უკავშირდება. ბიზნესის სესხების წვლილი დაკრედიტების ზრდაში 10.4 პპ-ია. იპოთეკური სესხების წვლილმა მთლიანი სესხების ზრდაში 2.1 პპ-ზე შეადგინა. ეროვნული ვალუტით დაკრედიტების ზრდის ტემპი კი 21.2%-მდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 11.6 პპ-იანი წვლილი შეადგინა.

    ივნისში, სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი, წინა თვესთან შედარებით, 0.3 პპ-ით შემცირდა
    და 12.7% შეადგინა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.3 პპ-ით, 14.4%-მდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით, 9.0%-მდე გაიზარდა.

    საგარეო სექტორი

  • იმპორტი - ივნისში საქონლის იმპორტი წლიურად 9.6%-ით შემცირდა. საქონლის იმპორტის კლება უმეტესად სამომხმარებლო სახის საქონლის იმპორტის შემცირებამ განაპირობა. შუალედური სახის საქონლის იმპორტმა ამჯერად დაიკლო, ხოლო საინვესტიციო სახის იმპორტი ზომიერად გაიზარდა
  • ექსპორტი - ივნისში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 5.8%-ით გაიზარდა. საქონლის ექსპორტის მატება მეტწილად სამომხმარებლო სახის საქონლის ექსპორტის მატებამ განაპირობა, გაიზარდა ასევე შუალედური სახის საქონლის ექსპორტი, თუმცა საინვესტიციო სახის საქონლის ექსპორტი შემცირებულია
  • ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 19.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა 

    კერძოდ, 2024 წლის ივნისში საქონლის რეგისტრირებული საგარეო ვაჭრობის დეფიციტი წინა წელთან შედარებით 20.2%-ით შემცირდა და 632.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საგარეო ვაჭრობის დეფიციტის კლება იმპორტის შემცირებას უკავშირდება. აღნიშნულ თვეში, საქონლის იმპორტმა წლიურად 9.6%-ით 1,214.5 მლნ აშშ დოლარამდე დაიკლო, ხოლო ექსპორტი წლიურად 5.8%-ით შემცირდა და 582.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

    იმპორტი - ივნისში საქონლის იმპორტი წლიურად 9.6%-ით შემცირდა. საქონლის იმპორტის კლება უმეტესად სამომხმარებლო სახის საქონლის იმპორტის შემცირებამ განაპირობა. შუალედური სახის საქონლის იმპორტმა ამჯერად დაიკლო, ხოლო საინვესტიციო სახის იმპორტი ზომიერად გაიზარდა. სამომხმარებლო სახის საქონლის იმპორტის კლებაში ყველაზე მეტი წვლილი რეექსპორტისთვის განკუთვნილი მსუბუქი ავტომობილების, ასევე სატელეფონო აპარატებისა და სარეცხი მანქანების შესყიდვების მნიშვნელოვანმა კლებამ შეიტანა, თუმცა ამავე ჯგუფში გაიზარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ასევე სამკურნალო საშუალებების საქონლის ჯგუფების იმპორტი. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მსხვილი საიმპორტო ჯგუფის - მსუბუქი ავტომობილებისა და სატელეფონო აპარატების - იმპორტის წლიურად კლებისა, მათი მოცულობა მთლიან იმპორტში კვლავ მნიშვნელოვან წილს იკავებს. შუალედური სახის საქონლის იმპორტის კლება უმეტესად შაქრის, ნახშირბადიანი ფოლადის ნაგლინისა და მოსაპირკეთებელი ფილების შემცირებამ განაპირობა. მეორე მხრივ, რეექსპორტისთვის განკუთვნილი სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, აგრეთვე ტურბორეაქტიული ძრავებისა და სამაცივრე მოწყობილობების იმპორტმა მოიმატა. საინვესტიციო საქონლის იმპორტის მატება უმეტესად გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების, ასევე სხვა საფრენი აპარატებისა და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების შესყიდვების ზრდამ განაპირობა. მეორე მხრივ, ამავე ჯგუფში რეექსპორტისთვის განკუთვნილი ტრაქტორების, ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და სატელეფონო აპარატების იმპორტი წლიურად მნიშვნელოვნად შემცირდა. მთლიანობაში, ივნისში წლიურად საქონლის იმპორტმა რეალურად 18.2%-ით დაიკლო.

    ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან იმპორტის კლებაში მაღალი წვლილი შეიტანა აშშ-მ, რაც რეექსპორტისთვის განკუთვნილი მსუბუქი ავტომობილების მკვეთრ შემცირებას უკავშირდება. თუმცა, ამ ქვეყნიდან ახალი და გამხმარი კაკლის იმპორტმა წინა თვის მსგავსად, წლიურად მნიშვნელოვნად მოიმატა. რუსეთიდან იმპორტის კლება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ასევე ბოცების, ბოთლებისა და სხვა მინის ჭურჭლის შესყიდვების შემცირებამ განაპირობა. თურქეთიდან იმპორტის კლება უმეტესად სიგარეტები-სიგარილებისა და სხვადასხვა ტანსაცმლის შესყიდვების შემცირებამ გამოიწვია. დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან სატელეფონო აპარატებისა და მსუბუქი ავტომობილების, ჩინეთიდან ნახშირბადიანი ფოლადის ნაგლინის, ბრაზილიიდან შაქრისა და გაყინული ხორცის, აზერბაიჯანიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ასევე ნახშირბადიანი ფოლადის წნელების, გერმანიიდან და სამხრეთ კორეიდან მსუბუქი ავტომობილების, ხოლო ინდოეთიდან შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციების მნიშვნელოვანი კლება. ამის საპირისპიროდ, დანარჩენი ქვეყნებიდან იმპორტის მატების კუთხით გამოირჩეოდა ბულგარეთი და საბერძნეთი - ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, სომხეთი - სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, ნიდერლანდები ტურბორეაქტიული ძრავების, ყაზახეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ასევე შავი ლითონების ნაწარმის, ხოლო ჰონკონგიდან გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების გაზრდილი შესყიდვების გამო. აღნიშნულ თვეში, 7 ძირითად სავაჭრო პარტნიორზე მთლიანი იმპორტის 60% მოდიოდა. წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით იმპორტი უფრო მეტად დივერსიფიცირებული იყო.

    ივნისში იმპორტირებულ საქონელში წამყვანი წილი მსუბუქ ავტომობილებს, ასევე ნავთობპროდუქტებსა და სამკურნალო საშუალებებს (29%-იანი წილი მთლიან იმპორტში) ეჭირა. აღსანიშნავია, რომ ივნისში იმპორტი სასაქონლო კატეგორიების მიხედვით წინა წლის ივნისთან შედარებით უფრო მეტად დივერსიფიცირებული იყო.