თბილისი (GBC) - სებ-ი ბანკებს ახალ ბუფერს უწესებს. CRA ბუფერი (საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერი)  ზედამხედველს კონსერვატიულობის შესანარჩუნებლად სჭირდება, რომ სექტორმა კაპიტალის ბუფერები დაიჭიროს, ანგარიშგების ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ.

ახალი წლიდან  სებ-ს ბანკები  ანგარიშგებას საერთაშორისო IFRS სტანდარტით  ჩააბარებენ. თუმცა  IFRS 9 –ს, რომელზეც  მთელი მსოფლიო 2018 წლიდანაა გადასული, საქართველოს საბანკო სისტემა ინტერპრეტირებული ვარიანტით უერთდება.

იმის გათვალისწინებით, რომ IFRS სებ-ის მეთოდოლოგიისგან განსხვავებით (რომლითაც ამ დროსთვის წარმოებს ანგარიშგება) უფრო ლიბერალურია, საჭირო გახდა ანგარიშგების ძველი (არსებული) მიდგომების შენარჩუნება, რომ კაპიტალის სტანდარტები არ დაირღვეს.

ცვლილება ძირითადად სესხების დარეზერვების მეთოდოლოგიაშია. შემოდის 3 სტადიიანი სქემა  მოსალოდნელი ზარალების  დასაბალანსებლად. პორტფელის გადეფოლტების დაშვებით, 12–თვიან და სესხის მთლიან ვადაზე.

ცვლილება რამდენიმე მახასიათებლის დათვლის მეთოდოლოგიაშია, მათ შორის მომსახურების საკომისიოს, ასევე  დასაკუთრებული ქონების ნაწილში. არსებული რეგულაციით, გირაოში დარჩენილი ქონება 3–წლიან ვადაში 30-50-100%-ით ხარჯში ჩამოწერას ექვემდებარება (ექმნება რეზერვი).