თბილისი (GBC) - Lion Finance Group PLC (LFG; ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) ჯგუფისა და მისი ქართული საბანკო შვილობილი კომპანიის, სს საქართველოს ბანკის აღმასრულებელ მენეჯმენტში ცვლილებაზე აცხადებს.

კერძოდ, სულხან გვალიამ, რომელიც ამჟამად ასრულებს LFG-სა და საქართველოს ბანკის ფინანსური დირექტორის (CFO) მოვალეობას, 2026 წლის მარტიდან გადაწყვიტა დატოვოს აღმასრულებელი რანგის პოზიცია და  ჯგუფში 20-წლიანი საქმიანობის შემდეგ, “ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა“. იგი დარჩება ჯგუფის სხვადასხვა შვილობილი კომპანიის, მათ შორის სომხეთში მოქმედი საბანკო შვილობილი კომპანიის — Ameriabank-ის, სამეთვალყურეო საბჭოების არაღმასრულებელ წევრად.

სულხან გვალიას გიორგი შაგიძე შეცვლის, რომელიც დაინიშნება ჯგუფის ფინანსურ დირექტორად (Group CFO), პასუხისმგებელი იქნება ჯგუფის ფინანსებზე და საერთაშორისო ზრდაზე, და ამავე დროს გახდება საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე და ფინანსური დირექტორი (მარეგულირებლის თანხმობის მიღების პირობით).

გიორგი ჯგუფს მოლდოვის უდიდესი ბანკის, maib-ის, გენერალური დირექტორის პოზიციიდან უერთდება. 2021 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა ბანკის მასშტაბურ აგილურ და ციფრულ ტრანსფორმაციას, გააძლიერა ციფრული შესაძლებლობები, დანერგა მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურა და უზრუნველყო ძლიერი და სტაბილური ფინანსური შედეგები, ბაზრის წილისა და ციფრული ჩართულობის მნიშვნელოვანი ზრდის პარალელურად. ამ ყოვლისმომცველმა ტრანსფორმაციამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ბანკის ინსტიტუციური მდგრადობა და გრძელვადიანი ღირებულება, - ასე ახასიათებს ჯგუფი მას.

შაგიძის საბანკო გამოცდილება მოიცავს TBC Bank Group-ის გენერალური დირექტორის მოადგილისა და ფინანსური დირექტორის პოზიციებს, სადაც მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჯგუფის IPO-ში და უზბეკეთში გაფართოების საწყის ეტაპებში. მან ასევე იმუშავა Barclays PLC-ში გლობალური ოპერაციების აღმასრულებელ პოზიციაზე. გიორგი ფლობს კემბრიჯის უნივერსიტეტის MBA ხარისხს, არის CFA-ის ქარტიის მფლობელი და სტენფორდის ბიზნესის უმაღლესი სკოლის Stanford Executive Program-ის კურსდამთავრებული.

ამასთან, გიორგი გურეშიძე, რომელიც 2025 წლის მარტიდან წარმატებით ხელმძღვანელობს საქართველოს ბანკის მასობრივი საცალო ბანკინგის მიმართულებას, დაწინაურდა გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე (მარეგულირებლის თანხმობის მიღების პირობით).

„მინდა მადლობა გადავუხადო სულხანს ერთგული სამსახურისა და ჩვენი წარმატებისთვის შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის. იგი იყო აღმასრულებელი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი, რომელიც წარმატებით ხელმძღვანელობდა ფინანსურ ფუნქციას და დიდ როლს ასრულებდა ჩვენი ბიზნესისა და კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებაში. მოხარული ვარ, რომ ის ჯგუფში არაღმასრულებელი როლით დარჩება“, - აცხადებს ჯგუფისა და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.

ის შაგიძის მისვლასაც ეხმიანება და აცხადებს, რომ მისი ახალი როლი კონცენტრირებული იქნება ფინანსური ფუნქციის გაძლიერებასა და საერთაშორისო ზრდის შესაძლებლობების რეალიზებაზე. „დარწმუნებული ვარ, მისი ხედვა, ლიდერული თვისებები და რეგიონის სიღრმისეული ცოდნა მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ჩვენს გუნდს“.