თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-მ (TBC PLC) მაჟორიტარული წილი შეიძინა BILLZ-ში, რომელიც წარმოადგენს უზბეკეთის წამყვან SaaS (პროგრამული უზრუნველყოფა როგორც სერვისი) პლატფორმას საცალო ვაჭრობის მართვისთვის, რაც ჯგუფის თქმით, კიდევ უფრო აძლიერებს მისი მომსახურებების პაკეტს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (SME) ამ ქვეყანაში.

მოლაპარაკების თანახმად, TBC PLC შეიძენს მაჟორიტარულ წილს BILLZ-ში მაქსიმუმ $12 მლნ-ად, რაც მოიცავს საწყის ეტაპზე 53%-იანი წილის შეძენას $9 მლნ-ად და მომდევნო ორი წლის განმავლობაში მისი 60%-მდე გაზრდის გეგმას. ამ გარიგებით BILLZ-ის ღირებულება ინვესტიციის შემდეგ $20 მლნ-ად განისაზღვრა (post-money valuation).

შეთანხმების პირობების მიხედვით, BILLZ განაგრძობს ფუნქციონირებას საკუთარი ბრენდის ქვეშ, თუმცა სრულად ინტეგრირდება TBC Uzbekistan-ის ეკოსისტემაში. BILLZ-ში ასევე რჩება მენეჯმენტი და ძირითადი გუნდი, რომლებიც პროდუქტის განვითარებასა და სამუშაოს შესრულებას განაგრძობენ.

TBC PLC-მ ასევე მოიპოვა უფლება დარჩენილი 40%-იანი წილის გამოსყიდვაზე, რაც შეიძლება განხორციელდეს შეთანხმების დასრულებიდან 36 თვის შემდეგ.

ცნობისთვის, BILLZ წარმოადგენს ყოვლისმომცველ SaaS პლატფორმას საცალო ვაჭრობის მართვისთვის მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. იგი აერთიანებს POS სისტემას, მარაგების აღრიცხვას, CRM-ს, ელექტრონულ კომერციასა და ანალიტიკას, რაც ბიზნესს ეხმარება ოპერაციების გამარტივებასა და გაყიდვების ზრდაში. პლატფორმა ასევე უზრუნველყოფს მარტივ მარკეტინგს, ინტეგრაციას ონლაინ ბაზრებთან და სოციალურ მაღაზიებთან, რაც ხელს უწყობს ონლაინ ზრდას. BILLZ ამჟამად ემსახურება 4,000-ზე მეტ საცალო ბიზნესს და ყოველთვიურად ამუშავებს 1.5 მილიონზე მეტ ტრანზაქციას, რაც მას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ SaaS პლატფორმად აქცევს.

აღნიშნულ თანამშრომლობას წინ უსწრებდა აპრილში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი სესხის პროდუქტის წარდგენა, ხოლო წინა წელს გამოშვებული Osmon საკრედიტო ბარათი და Salom სადებეტო ბარათი. ეს პროდუქტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალი მომხმარებლის სეგმენტების მოზიდვაში, შემოსავლების დივერსიფიკაციასა და ციფრული ბანკინგის ზრდაში, - აღნიშნავს TBC PLC.

„მას შემდეგ, რაც 2019 წელს უზბეკეთში შევედით, TBC-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის ფინანსური სერვისებისა და ტექნოლოგიური სექტორის განვითარებაში. ვიყავით ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ინვესტორი, რომლის ციფრულმა საბანკო ეკოსისტემამ დააწესა ახალი სტანდარტი ჯერ კიდევ ნაკლებად განვითარებულ ბაზარზე. მოხარულები ვართ, რომ განვაგრძობთ ამ მისიის შესრულებას ბაზრის ლიდერ BILLZ-თან სტრატეგიული პარტნიორობით. ვგეგმავთ ინოვაციებსა და პროდუქტის გაფართოებას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია უზბეკეთის ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის. მჯერა, რომ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო დააჩქარებს პლატფორმის ზრდას და გააღრმავებს სინერგიას ჩვენს ეკოსისტემაში მომხმარებლის აქტიურობის, ლოიალურობისა და შემოსავლის ზრდის მიმართულებით“, - განაცხადა TBC Uzbekistan-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა ქურდიანმა.

„ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ეტაპია არა მხოლოდ BILLZ-ისთვის, არამედ მთლიანად ცენტრალური აზიის სტარტაპ ეკოსისტემისთვის. ბოლო რამდენიმე წელი დავუთმეთ საცალო მოვაჭრეებისთვის თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების მიწოდებას, რათა გაეზარდათ და გაეციფრულებინათ საკუთარი ბიზნესი. TBC Uzbekistan-თან გაერთიანება გვაძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი გავლენა, მეტი ღირებულება შევთავაზოთ მომხმარებელს და ავაჩქაროთ ჩვენი მისიის შესრულება რეგიონში. ვამაყობთ იმით, რაც ჩვენმა გუნდმა შეძლო და მოუთმენლად ველით განვითარების ახალ ეტაპს TBC-თან ერთად“, - განაცხადა რუსტამ ხამდამოვმა, BILLZ-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა.

TBC Capital აღნიშნულ გარიგებაში მოქმედებს როგორც TBC PLC-ის ექსკლუზიური M&A მრჩეველი.