თბილისი (GBC) – „ლელოს“ ლიდერების და ყოფილი ბიზნესმენების 8-8 თვით დაპატიმრებას "თიბისი ბანკის” ყოფილი ფინანსური დირექტორი და გენერალური დირექტორის მოადგილე, Moldovan Agroindbank-ის (MAIB) ამჟამინდელი გენერალური დირექტორი გიორგი შაგიძეც ეხმაურება და ამბობს, რომ “ძალიან გულდასაწყვეტია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ამჟამინდელი მდგომარეობა”.

„ამ ადამიანებთან “თიბისიში” გატარებული მრავალი წლის მეგობრობა და უამრავი პოზიტიური ემოცია მაკავშირებს. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როგორ აკეთებდნენ დიდ საქმეებს ბიზნესში უდიდესი პატრიოტიზმის განცდით.

„თიბისში“ მუშაობის პერიოდში ბადრისთან ერთად უამრავი დრო მაქვს გატარებული - მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ინვესტორების მოძიებასა და საქართველოში მათი ჩამოყვანის საქმეში. ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანია, ვისაც ღრმად ესმის საქართველოს წარსული, მისი ადგილი მომავალში და შეუძლია, ეს სათანადოდ და დამაჯერებლად გადმოსცეს.

სიმტკიცესა და გამძლეობას ვუსურვებ, რაც დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არ აკლიათ!“, - დაწერა მან Facebook-ზე. 

გიორგი შაგიძის TBC ბანკში მუშაობის პერიოდში ბანკის ერთ-ერთი მიღწევა 2014 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლა და აქციათა პირველადი შეთავაზება იყო. ის TBC-ის უზბეკური შვილობილის CEO-ც იყო.