თბილისი (GBC) - ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, 2008-12 წლებში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძეს სასამართლომ 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა – ე.წ წულუკიანის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დღეს, 27 ივნისს, 10:30 საათზე გამოაცხადა.

გივი თარგამაძე, რომელიც ამჟამინდელ პარლამენტსა და კომისიას არალეგიტიმურად მიიჩნევს, დღევანდელ სასამართლო სხდომას არ დასწრებია. ახლა კი პატიმრობა მისჯილი პოლიტიკოსი პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მიდის.

გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა.

აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ცნობისთვის, გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

"წულუკიანის კომისიის" სხდომაზე არმისვლის გამო გივი თარგამაძემდე უკვე 7 ოპოზიციონერი პოლიტიკოსია დაკავებული. მათ შორის არიან: გიორგი ვაშაძე - “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი (დააკავეს 24 ივნისს, პატიმრობის ვადა - 7 თვე); მამუკა ხაზარაძე - “ძლიერი საქართველოს” ლიდერი (დააკავეს 23 ივნისს, პატიმრობის ვადა - 8 თვე); ბადრი ჯაფარიძე - “ძლიერი საქართველოს” ლიდერი (დააკავეს 23 ივნისს, პატიმრობის ვადა - 8 თვე); ნიკა გვარამია - “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი (დააკავეს 13 ივნისს/განაჩენი გამოცხადებული არ არის); ნიკა მელია - “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი (დააკავეს 29 მაისს/განაჩენი გამოცხადებული არ არის); ზურაბ ჯაფარიძე - “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი (დააკავეს 22 მაისს/ პატიმრობის ვადა - 7 თვე); ირაკლი ოქრუაშვილი - თავდაცვის ყოფილი მინისტრი (დააკავეს 14 მაისს/განაჩენი გამოცხადებული არ არის).