თბილისი (GBC) – მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის დღევანდელი გადაწყვეტილებით, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან, ნიკა მელიას აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული ნიკა მელია, ვინაიდან ის მოსამართლე ზვიად შვანგირაძისთვის წყლის შესხმის გამო სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია.

მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია.

ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა -განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რაც მელიამ კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. სწორედ აღნიშნული გახდა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი. თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მოგვიანებით კი გირაო პატიმრობით შეუცვალეს.

ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.

ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

"წულუკიანის კომისიის" სხდომაზე არმისვლის გამო უკვე 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსია დაკავებული, მათ შორის, დღეს, 27 ივლისს დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, 2008-12 წლებში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე, რომელსაც სასამართლომ 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გივი თარგამაძის და ნიკა მელიას მსგავსად დაკავებულები არიან: გიორგი ვაშაძე - “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი (დააკავეს 24 ივნისს, პატიმრობის ვადა - 7 თვე); მამუკა ხაზარაძე - “ძლიერი საქართველოს” ლიდერი (დააკავეს 23 ივნისს, პატიმრობის ვადა - 8 თვე); ბადრი ჯაფარიძე - “ძლიერი საქართველოს” ლიდერი (დააკავეს 23 ივნისს, პატიმრობის ვადა - 8 თვე); ნიკა გვარამია - “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი (დააკავეს 13 ივნისს/განაჩენი გამოცხადებული არ არის); ზურაბ ჯაფარიძე - “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი (დააკავეს 22 მაისს/ პატიმრობის ვადა - 7 თვე); ირაკლი ოქრუაშვილი - თავდაცვის ყოფილი მინისტრი (დააკავეს 14 მაისს/განაჩენი გამოცხადებული არ არის).