თბილისი (GBC) – პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ოთხშაბათის ბრიფინგზე მეტადონის პროგრამის კერძოდან მთლიანად სახელმწიფო მმართველობის ქვეშ გადატანის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ„ სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ თავის თავზე აიღოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა, საჭიროა კონტროლის გამკაცრება სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობაზეც, რათა მომსახურება თავიდან ბოლომდე იყოს ორიენტირებული პაციენტის განკურნებაზე და არა პრეპარატების რეალიზაციაზე“.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს პროგრამის დაახლოებით ნახევარს ახორციელებს სახელმწიფო თავისი დაწესებულებების მეშვეობით, ერთი ამდენი არის კერძო დაწესებულებები.
„თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს აქვს იმის რესურსი, რომ გადაიბაროს მთლიანად ეს მომსახურება. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ მანკიერი პრაქტიკა აღვკვეთოთ ამ სფეროში და საჭიროა კონტროლის გამკაცრება თავად სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობაზეც იმისათვის, რომ მომსახურება თავიდან ბოლომდე იყოს ორიენტირებული პაციენტის განკურნებაზე და არა პრეპარატების რეალიზაციაზე. ყველა მიმართულებით გვექნება უმკაცრესი კონტროლი. ეს სერვისი მთლიანად წარიმართება იმ პირობებით, რა პირობებითაც ხორციელდებოდა დღემდე სახელმწიფო პროგრამები, უბრალოდ გაფართოვდება სახელმწიფო პროგრამების მოცულობა გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს დღევანდელი კერძო სუბიექტების მიერ განხორციელებული მომსახურების მიწოდებასაც", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.