თბილისი (GBC) - „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 24 ივნისის ბრძანებით მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა.

მაღლაკელიძეს 2019 წლიდან დღემდე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

გასულ წლებში მიხეილ მაღლაკელიძე იყო ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი, ასევე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მისი წინამორბედი ირაკლი (დაჩი) ბერაია იყო, რომელიც უწყებას 2025 წლის 2 აპრილიდან 16 ივნისამდე ხელმძღვანელობდა. ბერაია ახლა შემოსავლების სამსახურის უფროსია.