თბილისი (GBC) - ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი X-ზე წერს, რომ „ოპოზიციური ხმების დაპატიმრება წარმოადგენს თავდასხმას საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე, რომელიც დღითი დღე იშლება".

"მე საქართველოს თავისუფალი და პლურალისტური საზოგადოებისთვის მებრძოლთა გვერდით ვდგავარ და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და უსამართლოდ დაკავებული პირი“, - წერს კოსი.

X-ზე ასევე განცხადებას აქვეყნებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი ანიტა ჰიპერი, რომელიც წერს: "საქართველო: ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება ეწინააღმდეგება ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს.

ეს არის ავტორიტარული ტაქტიკა, საპირისპირო იმისა, რაც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეწყვიტოს მართლმსაჯულების სისტემის იარაღად გამოყენება".

23 ივნისს, „ძლიერი საქართველოს“ ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 8 თვით დააპატიმრეს და 2 წლის განმავლობაში აუკრძალეს თანამდებობის დაკავება – „წულუკიანის კომისიის“ სხდომაზე არგამოცხადების გამო.

ამ ეტაპზე დაჭერილია ოპოზიციის შვიდი ლიდერი - შვიდივე "წულუკიანის კომისიის" გამო. მათ შორისაა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ რამდენიმე ლიდერი: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია. ასევე, პოლიტიკოსი გივი თარგამაძე და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს არის ჩანიშნული.