თბილისი (GBC) - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა X-ზე წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს". 

„საქართველოს ხელისუფლება კვლავ მიმართავს რეპრესიებს და ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავა. პროევროპელი პოლიტიკოსების დაპატიმრება საქართველოს ევროკავშირისკენ გზიდან კიდევ უფრო აშორებს. პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს“, - წერს მარგუს ცაჰკნა.

23 ივნისს, „ძლიერი საქართველოს“ ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 8 თვით დააპატიმრეს და 2 წლის განმავლობაში აუკრძალეს თანამდებობის დაკავება. - „წულუკიანის კომისიის“ სხდომაზე არგამოცხადების გამო.

ამ ეტაპზე დაჭერილია ოპოზიციის შვიდი ლიდერი - შვიდივე "წულუკიანის კომისიის" გამო. მათ შორისაა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ რამდენიმე ლიდერი: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია. ასევე, პოლიტიკოსი გივი თარგამაძე და ყოფილი თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ოქრუაშვილი.