თბილისი (GBC) – აშშ–მა და აზერბაიჯანმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას სამშაბათს მოაწერეს ხელი. აზერბაიჯანში აშშ–თან ურთიერთობების ახალ ეპოქაზე საუბრობენ, რომელიც ეკონომიკაზე, ენერგეტიკასა და უსაფრთხოებაზე იქნება დაფუძნებული. როგორც ბაქოელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ტრამპის ადმინისტრაციამ „ბასრი წახნაგები მოხსნა“ და აღარ საუბრობს აზერბაიჯანთან „პოლიტიკურ ლიბერალიზაციაზე“. 

აზერბაიჯანი აშშ–ის მადლიერია „პოლიტიკური პრაგმატიზმის“ გამო.

“სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის” ხელმოწერის შემდეგ ვენსმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და აზერბაიჯანს “ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ”.

ვენსმა ასევე განაცხადა, რომ “ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” (TRIPP) უკვე მოქმედებს და დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნის და აზერბაიჯანისთვის ბუნებრივი რესურსების ექსპორტს გაამარტივებს.

ამასთან, სომხეთი აცხადებს, რომ მზადაა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად 7 ივნისს ჩანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე. ფაშინიანმა ისიც განაცხადა, რომ სომხეთი „არასოდეს მოქმედებდა და არც მომავალში იმოქმედებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“.

ბაქოში ვიზიტამდე, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი იმყოფებოდა ერევანში, სადაც მას უმასპინძლა სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და სადაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც სომხეთში $9 მლრდ–ის მოცულობის ამერიკული ინვესტიციების ჩადებას ითვალისწინებს.

აშშ-სა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას 2025 წლის 14 იანვარს ხელი მოაწერეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.

საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში ხელმოწერილი ქარტია კი 2024 წლის ნოემბერში ვაშინგტონმა შეაჩერა. ამის მიზეზად დასახელდა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა და ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა.