თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში სამშაბათს „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა იმ გადაწყვეტილებას, რომელზეც იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად შეჯერდა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში ტექნიკური დისციპლინები განვითარდეს თვისებრივად.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯანსაღი დისკუსია, რაც შედგა გუშინ აკადემიურ პერსონალთან, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ მოვუსმინეთ მათ და გავითვალისწინეთ მათი ინტერესები, პოზიციები. მათი არგუმენტები მივიღეთ მხედველობაში და საბოლოო ჯამში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელზეც ყველა ერთად შევჯერდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში ტექნიკური დისციპლინები განვითარდეს თვისებრივად. დღეს გვაქვს სერიოზული ხარვეზები ამ მიმართულებით, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მიმართულებით. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ დისციპლინებს, საინჟინრო ტექნიკურ მიმართულებას. ჩვენ გვაქვს გამოწვევები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორს, სხვადასხვა მიმართულებით გვჭირდება კადრები, გვჭირდება სამუშაო ძალა. ეს ეხება მშენებლებს, ინჟინრებს, არქიტექტორებს და ა.შ. ჩვენ უნდა გავამდიდროთ ჩვენი ქვეყნის რესურსი ამ მიმართულებით. ამისთვის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტექნიკური უნივერსიტეტის რესურსების გაძლიერებას", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ორშაბათს საღამოს განაცხადა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი ფუნქციონირებას განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობის წლებამდე პერიოდის მოდელით და მხოლოდ ოთხმოცდაათიან წლებამდე არსებულ ფაკულტეტებს შეინარჩუნებს.